ფოტო: არქივი
ქობულეთის მერია 11 700 ლარს გადაუხდის კომპანიას, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა - ნაგებობებს დაანგრევს. მუნიციპალიტეტმა სადემონტაჟო სამუშაოების შესასყიდად ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო, უსახური და ამორტიზირებული შენობა-ნაგებობების სადემონტაჟო სამუშაოები უნდა განახორციელოს.
კერძოდ, მერია ტენდერში გამარჯვებულს სთხოვს დაანგრიოს დაბა ჩაქვში მდებარე 3500 კვ/მ ფართობის კაფე - ბარი. ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 15 უსახური ჯიხური, ასევე, 570 კვ/მ უსახური შენობა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული 15-მდე სარეკლამო ბილბორდი.
ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ ობიექტებს საიჯარო ხელშეკრულების ვადა გასული აქვს. მათივე განმარტებით, დროებითი მფლობელები დემონტაჟის თაობაზე თანხმობას აცხადებენ, ტერიტორია კი, რომელზეც ეს ობიექტებია განთავსებული ქობულეთის მერიის ბალანსზეა. მერიაში ამბობენ, რომ ტერიტორიების სამომავლო განკარგვის მიზნით, აუცილებელია მათი უსახური, უფუნქციო და უკანონო ნაგებობებისგან გათავისუფლება.
მუნიციპალიტეტის მერია ითხოვს მიმწოდებელმა უზრუნველყოს განსაზღვრული სადემონტაჟო სამუშაოების ოპერატიულად შესრულება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ეტაპობრივად, შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
ქობულეთის მერიაში ამ ეტაპზე გამარჯვებულის გამოსავლენად წინადადებების შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს.