მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ გეგა გეგეშიძის გამო იგი მსოფლიოს ჩემპიონატზე სერბეთის ნაკრების სახელით ვერ გამოვიდა.
ყაზახეთში ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი გუშინ დასრულდა. შეჯიბრში ქართველ მოჭიდავეს სერბეთის სახელით უნდა მიეღო მონაწილეობა.
ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შორის 11 იანვარს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
''მოგეხსენებათ, წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატს ოლიმპიური ლიცენზიების გათამაშების გამო განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა და მეც მთელი წლის განმავლობაში, მიუხედავად პრობლემებისა, განსაკუთრებით ვემზადებოდი. მაისის თვიდან მზადებას გავდიოდი სერბეთის ნაკრებთან ერთად და სერბული მხარისგან იყო სურვილი და სრული მზაობა მათი ქვეყნის სახელით მეასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმაც წერილობითი თანხმობა მისცა სერბულ მხარეს ჩემი სერბეთის სახელით ასპარეზობაზე, თუმცა აღნიშნული მაინც ვერ მოხერხდა, რადგან ქართული მხარისგან მაინც მოხდა ხელის შეშლა, კერძოდ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს მოეცა ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება.
ჩემთვის სამწუხაროა, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პირადი ინტერესების გამო ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მომიწია, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ სპორტულ კარიერას გავაგრძელებ და ჩემი მიზნების ასრულებისთვის ბრძოლის საშუალება კვლავ მომეცემა.
მადლობა ყველას, ვინც ამ ხნის განმავლობაში მგულშემატკივრობდით და ინტერესდებოდით ჩემი მომავლით.''- წერს მოჭიდავე სოციალურ ქსელში.
აჭარის მაუწყებელი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ გეგა გეგეშიძე ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.