დეპუტატს უფლება აქვს ჟურნალისტს არ უპასუხოს, მაგრამ უარს არ უნდა ახლდეს მუქარა - ქარტია 

18 სექტემბერი 2019, 17:15 1820 ნახვა

ხელისუფლების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, არ უპასუხონ დასმულ შეკითხვას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ უარის თქმას თან არ სდევდეს რაიმე ტიპის მუქარა'' - წერია განცხადებაში, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გაავრცელა. 

ვიცე -სპიკერი აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტს პარლამენტის აკრედიტაციის შეჩერებით დაემუქრა. გია ვოლსკის ნინო ხოზრევანიძემ კითხვა, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე დაუსვა, დეპუტატმა პასუხი გასცა, თუმცა ჩაკითხვებმა გააღიზიანა. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ფიქრობენ, რომ აკრედიტაციის შეჩერებით დამუქრებამ შესაძლოა, სამომავლოდ ჟურნალისტების თავისუფლებას ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების პროცესში ხელი შეუშალოს.

''საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ დეპუტატის მხრიდან ამგვარი მუქარა მიუღებელია. ჟურნალისტის ფუნქცია კრიტიკული და ზოგჯერ რესპონდენტისთვის მიუღებელი კითხვების დასმაა. დეპუტატი კი ვალდებულია უპასუხოს ყველა შეკითხვას. ჟურნალისტები საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხების წამოწევას ცდილობენ, სწორედ ამიტომ მედიასთან ჯანსაღი კომუნიკაცია კანონმდებლების ანგარიშვალდებულების ნაწილია.

მოვუწოდებთ როგორც გია ვოლსკის ასევე, ხელიუფლების სხვა წარმომადგენლებს თავი შეიკავონ ამგვარი მუქარისგან. 

ქარტიის საბჭო შეშფოთებული ადევნებს თვალს ბოლო დროს განვითარებულ ტენდენციას, კერძოდ მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას და მიიჩნევს, რომ ამგვარი ინცინდენტები ქმნის მედიისთვის არაჯანსაღ გარემოს, რაც საბოლოო ჯამში აისახება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი