დეპუტატი, რომელიც ''მდუმარეთა'' სიაში მოხვდა განცხადებას აკეთებს

13 სექტემბერი 2019, 13:14 3214 ნახვა

ბათუმის საკრებულოს წევრმა, რომელიც კვლევის მიხედვით  ''მდუმარე დეპუტატების'' სიაში მოხვდა, დღეს განცხადება გააკეთა. დიმიტრი ჭეიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის აქტიურია, კომისიის სხდომებზე ინიციატივებით გამოდის, პოლიტიკურ ოპონენტებს პასუხობს და თავს პასიურ დეპუტატად არ მიიჩნევს. 

ჭეიშვილის თქმით, რომან დოლაბერიძე კვლევებს ან არასწორად აკეთებს, ან ასე მიზანმიმართულად იქცევა. საკრებულოს წევრს ეჭვი აქვს, რომ ''საზოგადოებრივი განვითარების აკადემია'' ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' მიმართ ლმობიერია. 

''საკრებულოს სხდომაზე საკმაოდ აქტიური ვარ. მქონდა ინიციატივა ჯანდაცვის კომისიაში, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ 7 სულიან ოჯახებს, სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესებაში. სამი თვის განმავლობაში, საკრებულოს სამი თუ ოთხი სხდომა ჩატარდა, მათ შორის ერთი ტექნიკური იყო. სხდომებს ვესწრებოდი. კვლევაში არ მოხვდნენ ის დეპუტატები, რომლებიც კომისიის სხდომებს საერთოდ არ ესწრებიან. ოპოზიციონერ კოლეგებზე მაქვს საუბარი. ისინი 2 წლის განმავლობაში შეიძლება ჯამში, სხდომაზე მხოლოდ ორჯერ არიან ნამყოფები. კვლევაში მოხდა ნაცების მხოლოდ ერთი წარმომადგენელი, რომელიც უკვე საკრებულოს წევრი აღარაა. 

ყველა ადამიანს თანაბარ აქტიურობას ვერ მოსთხოვ. მე მაქვს პრეტენზია იმის, რომ თითქმის ყველა სხდომაზე ვარ აქტიური, რაც კვლევაში რატომღაც არ ჩანს. ჩართულობა გამოიხატება შეკითხვებში, ჩაკითხვებში,  პოლიტიკურ განცხადებებში და ოპონენტებზე პასუხის გაცემაში'' - თქვა დიმიტრი ჭეიშვილმა. 

კვლევის ავტორმა 11 სექტემბერს, აჭარის მაუწყებელს უთხრა, რომ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის დროსაც კი, საკრებულოს წევრების დიდი ნაწილი დუმილს არჩევდა. მათ შორის ''რივიერაზე'' 5 ცათამბჯენის მშნებლობის თემაზეც.

დღეს დიმიტრი ჭეიშვილმა კი, თქვა, რომ საკითხზე კომისიის სხდომაზე ისაუბრა, სადაც შეკითხვებიც დასვა, თუმცა ამ შეხვედრას საზოგადოება არ ესწრებოდა. 

''როცა ჩემი კოლეგა იგივე ფრაქციიდან შეთანხმებულ აზრს გააჟღერებს, შემდეგ, ერთი და იგივე, რომ ვილაპარაკოთ ინდივიდუალურად ყველამ, ფიზიკურად სხდომას ვერ დავამთავრებთ.

რივიერას საკითხზე არაერთი მსჯელობა და დისკუსია გამართულა. განხილვაზეც ვიყავი, კომპანიის წარმომადგენლებს არაერთი კითხვა დავუსვი. როცა რივიერას საკითხი სხდომაზე გავიდა, ბევრი აღარ მისაუბრია. კითხვა, რომ დაესვა ვინმეს კი გავცემდი პასუხს. ​შეხვედრას, რომელზეც ერთი და იგივე მომხსენებელი, ერთი და იგივეს საუბრობს, რამდენჯერ უნდა დავესწრო'' - განაცხადა ბათუმის საკრებულოს წევრმა. 

საკრებულოს 25 წევრიდან თორმეტი პასიურ დეპუტატებს  შორის მოხვდა. სტატისტიკა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი