''არის კიდევ ერთი პრინციპი, რომელზე საუბარიც მაიძულა ბოლო დღეებში თუნდაც პარლამენტში მიმდინარე მოვლენებმა და რომლის გარეშეც ქვეყნის განვითარებაზე საუბარი ალბათ, ზედმეტი იქნება, ეს არის -სიმართლე - განაცხადა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.
გიორგი გახარიას შეფასებით, როდესაც სიცრუით სიმართლის ჩანაცვლება ხდება და მოქალაქეს არ ეძლევა ობიექტური რეალობის შეფასების საშუალება, მით უმეტეს, მაშინ, როცა ეს რეალობა ხშირ შემთხვევაში, სახარბიელო არ არის, ეს იწვევს უდიდეს დეპრესიას, ქმნის უდიდეს დაძაბულობას და ხელს უშლის ქვეყნის პოზიტიურ განვითარებას.
''მეგობრებო, ჩვენ დიდი პრობლემა გვაქვს, როდესაც სიცრუით და მოდელირებული რეალობით ხდება ჩვენს რიგით მოქალაქეებზე, მათ ფსიქიკაზე, მათ მორალზე ელემენტარული ზემოქმედება. ეს არის ის დამანგრეველი ძალა, რომელიც ქმნის ილუზიებს. როდესაც სიცრუით სიმართლის ჩანაცვლება ხდება, როდესაც ჩვენ მოქალაქეს უბრალოდ არ ვაძლევთ საშუალებას ობიექტური რეალობა შეაფასოს ისე, როგორც არის, მითუმეტეს, მაშინ, როდესაც ეს ობიექტური რეალობა, ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ სახარბიელო არ არის ხშირ შემთხვევაში და რა თქმა უნდა, ეს იწვევს უდიდეს დეპრესიას და ქმნის უდიდეს დაძაბულობას ქვეყანაში ყველა მიმართულებით და ეს ხელს უშლის ქვეყნის პოზიტიურ განვითარებას. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საყოველთაო საკითხებიც კი სიცრუის საშუალებით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მაგალითად: ოკუპაცია. ჩვენ ყველა შეთანხმებული ვართ, რომ ოკუპაცია არის ყველაზე დიდი პრობლემა, ყველაზე დიდი გამოწვევა, ყველაზე დიდი ბოროტება ჩვენი ქვეყნის და ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობას, მდუმარე პასუხისმგებლობას მაინც უნდა გრძნობდნენ ოკუპაციაზე, მოგვიწოდებენ და ბრალს გვდებენ ოკუპაციის შეფასებაში, რაც რა თქმა უნდა, მიუღებელია. საერთოდ სამშობლოს სიყვარული და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის პრივატიზება არის დაუშვებელი''- განაცხადა გიორგი გახარიამ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის ახალ შემადგენლობას უყრიან კენჭს. პლენარულ სხდომას არ ესწრება „ევროპული საქართველო“.