საბჭო იმ მოსამართლეებს დაასახელებს, რომლებიც კულუარებში შეარჩიეს - ნაზი ჯანეზაშვილი

04 სექტემბერი 2019, 15:40 1445 ნახვა

საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ საბჭო დღეს იმ მოსამართლეებს დაასახელებს, რომლებიც კულუარებში შეარჩიეს. მისივე თქმით, დღეს უბრალოდ გადაწყვეტილება ოფიციალურად გაფორმდება. 

საბჭოს წევრის განცხადებით, უვადოდ განსამწესებელი მოსამართლეების კანდიდატურები, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ანუ დეპუტატებთან შეთანხმებულია, რომლებმაც სიას კენჭი უნდა უყარონ. 

''მოლოდინი არ მაქვს ისეთი, როგორიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და გამართულ სასამართლოს, სადაც მოსამართლეები არიან კანონმორჩილები.

შეარჩევენ იმას ვისზეც შეთანხმდნენ. ძნელია ვიყოთ ისეთი მიამიტები, თითქოს საბჭო წარადგენს კანდიდატურას და დაელოდება პარლამენტის გადაწყვეტილებას. სავარაუდოდ, წინასწარ, კულუარებში ეს ინფორმაცია შეთანხმებულია. 

არ ვემხრობი მოსაზრებას, რომ სია ე.წ დაბალანსებული შინაარსის იყოს. თუ ერთი ადამიანი მაინც მოხვდება ამ სიაში ჩინჩალაძის კადრი, საქმე უკვე გაფუჭებულია. ყველა კანდიდატი ღირსეული უნდა იყოს'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ნაზი ჯანეზაშვილმა. 

იუსტიციის საბჭოს წევრი ამბობს, რომ კენჭისყრა დღეს, 13:00 საათზე უნდა ყოფილიყო, თუმცა გადაიდო. 

''იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესი კითხვებს აჩენს. დასაწყისშივე ვაკეთებდი განცხადებებს, რომ ბევრი  პროცედურული ხარვეზი იყო, თუმცა ბოლომდე მიიყვანეს. 

დღევანდელი კენჭისყრაც სწორედ ამას მოწმობს. კენჭისყრა ჩანიშნული იყო 13:00 საათზე და გადაიტანეს რამდენიმე საათით გვიან, იმ მიზეზით, რომ საბჭოს მოსამართლე წევრები ვერ ახერხებდნენ მოსვლას. მე ნაკლებად მგონია, რომ დღეს ქვეყანაში ამაზე მნიშვნელოვანი რამე ხდებოდეს. ვფიქრობ საბჭოს წევრები ამ საკითხს მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ, რაც ასე არ არის'' - ამბობს ჯანეზაშვილი. 

დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ლევან თევზაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ნაზი ჯანეზაშვილი აღნიშნულ ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კლანი მაფიოზური დაჯგუფებების პრინციპებით იმართება.

''ლევან თევზაძე იუსტიციის საბჭოს წევრის ირაკლი შენგელია ცოლის ძმაა. ძალიან საინტერესო პროცესია და ვფქრობ ამაზე ყურადღება უნდა გამახვილდეს. როცა ბოლომდე მიდის კანდიდატი და გასაუბრების შემდეგ  კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, თავისთავად საეჭვოა. თავიდანვე ვამბობდი, რომ აცილების საკითხი უნდა დაეყენებინათ, თუმცა საბჭოს წევრებმა მაშინვე თქვეს, რომ აცილების საჭიროება არ არსებობდა. ელემენტარული სტანდარტია, მმართველობასთან, დემოკრატიასთან მიმართებაში, როცა ნათესავებს ეხება საქმე, ჩნდება ინტერესთა კონფლიქტიც'' - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციანი სიის შესარჩევად კენჭისყრას დღეს ჩაატარებს. შემდეგ კი, მონაცემები საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში