ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი ვაკანტურია. მთავრობის ახალი მეთაურის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი. მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დღეს დატოვა. 7 წელიწადში „ქართული ოცნების“ 4-ი პრემიერი საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა. ერთთვიანი მოლოდინისა და კულუარული საუბრების შემდეგ, შემოდგომა ოცნების ხელისუფლებაში ცვლილებით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, მამუკა ბახტაძე ერთი წლისა და 2 თვის შემდეგ პოსტს მოქმედ შინაგან საქმეთა მინისტრს უთმობს.
ქვეყნის პირველ სამართალდამცველს კი პოლიტიკაში მეორედ მოსული ირაკლი ღარიბაშვილი ცვლის. თუმცა ამ საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია დღესაც არ დაუდასტურებიათ მმართველ გუნდში. როგორც უმრავლესობის წევრები ამბობენ, უფრო მეტს საზოგადოება ხვალ გაიგებს. ცოტა ხნის წინ დასრულდა მამუკა ბახტაძის შეხვედრა ტელე-ჟურნალისტებთან, ის ორი საათის განმავლობაში პასუხობდა მედიის შეკითხვებს. ამ შეხვედრაზე მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ მინისტრთა ახალ კაბინეტში ის არ იქნება.