ბოლო პერიოდში, არასრულწლოვნების ჩართულობით ჩადენილი ქურდობის ფაქტები გახშირდა. დანაშაულში მხილებული პირები ხშირად მოზარდები არიან.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივში მსგავსი არაერთი მასალა იძებნება. ძირითადად არის მაღაზიებისა და ავტომობილების გაქურდვის ფაქტები.
ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 11 აგვისტოს მოხდა. ბათუმში, ნავსადგურის ტერიტორიაზე ერთდროულად 5 ავტომობილი გაქურდეს. შსს-ს ინფორმაციით კი, სავარაუდო, დამნაშავეები არასრულწლოვნები იყვნენ.
9 ივლისს კი სუვენირების ჯიხურებიც ასევე მოზარდებმა გაქურდეს, ერთი პოლიციამ ადგილზე დააკავა, ორი კი გაიქცა.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის 4 ფაქტი გახსნა, უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 3 არასრულწლოვანი. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა თბილისში აფთიაქი, კვების ობიექტი, ტურისტული კომპანიის ოფისი და ავტომანქანა გაქურდეს.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.