არდაგანის ტბაში დღეს "ბათუმის წყლის" თანამშრომლებმა დახოცილი თევზები აღმოაჩინეს. ტბა უკვე გაწმენდილია, უწყება კი ცდილობს დაადგინოს რა გახდა თევზების დახოცვის მიზეზი.
დახოცილი თევზების ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
"ბათუმის წყლის" გენერალური დირექტორი მარიკა გვიანიძე ამბობს, რომ დღესვე გადაეგზავნება ინფორმაცია გარემოს დაცვის ინსპექციას. ფაქტზე კი მოკვლევა თავადაც დაიწყეს.
"წყლის სინჯები უკვე აღებულია, ვცდილობთ დავადგინოთ რა გახდა თევზების დახოცვის მიზეზი. ხომ არ მოხდა ზღვიდან მათი შემოდინება ან ხომ არ არის ტბაში, ღია არხების მეშვეობით მოხვედრილი ტოქსიკური ნივთიერება" - გვითხრა უწყების ხელმძღვანელმა.
არდაგანის ტბაში, რამდენჯერმე დაბინძურდა წყალი. მათ შორის უკანასკნელი შემთხვევა ზაფხულში მოხდა, რომელიც შვედეთის ელჩის ობიექტივში და შემდეგ ტვიტერზეც აღმოჩნდა.
უწყებაში ამბობენ, რომ მაშინ ტბაში ნავთობი მოხვდა და გარემოს დაცვის ინსპექცია სწავლობს საკითხს.
ამ ეტაპზე უცნობია ვინ ჩაღვარა ნავთობი ტბაში, " ბათუმის წყალში" ამ ინფორმაციას არ ფლობენ.