"ცენტრალური ბანკი, უნდა ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე და გააკეთოს ინტერვენცია უცხოური ვალუტის მიმართ"-სოსო ფხაკაძე

06 აგვისტო 2019, 14:34 1163 ნახვა

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ცენტრალური ბანკი, უნდა ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე და გააკეთოს ინტერვენცია უცხოური ვალუტის მიმართ.

“ ბოლო პერიოდში საკმაოდ შემაშფოთებელი იყო ვითარება საქართველოს შიდა სავალუტო ბაზარზე. ეს ხდება მაშინ, როდესაც მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები არანაირად არ განაპირობებენ სავალუტო კურსის ასეთ დინამიკას.  ცალსახაა, რომ დღეისათვის შიდა სავალუტო ბაზარზე მოქმედ ლარის გაცვლით კურსში დევს “მოლოდინების პრემია” რაც განპირობებულია ბოლო პერიოდში საქართველოში შექმნილი მთელი რიგი ნეგატიური მოლოდინებით. ასეთ დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის გაცვლითი კურსის რეჟიმი არსებობს ქვეყანაში, ცენტრალური ბანკი, ბუნებრივია, უნდა ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე და გააკეთოს ინტერვენცია უცხოური ვალუტის მიმართ.

ჩვენ მივესალმებით გასულ კვირაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციას და ეს პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, მანამ სანამ ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები გვიწყობს ხელს და მინიმიზირებულია საგარეო შოკის კუთხით მოსალოდნელი ნეგატიური ზეგავლენა. ვერავინ ვერ იტყვის იმას, თუ რა კურსზე შეიძლება ჩამოყალიბდეს ლარის წონასწორობის ახალი ნიშნული, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც ვთქვით, დღევანდელ ლარის გაცვლით კურსში დევს ნეგატიური “მოლოდინების პრემია” და ეს პრემია უნდა მოხსნას ეროვნულმა ბანკმა საკუთარი სავალუტო ინტერვენციებით. ეს არის ერთადერთი სწორი გზა და ვალდებულებაც, რაც უნდა გააკეთოს ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა. ლარის დევალვაციის გამო მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული მსყიდველობითი უნარი, რაც უაღრესად ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ნებისმიერი სახის ბიზნესზე და ეს ვითარება ყველამ კარგად უნდა გავაანალიზოთ და გავითვალისწინოთ.

2014-2018 წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ გონივრულად იმოქმედა. გაცვლითი კურსის კორექციის გზით განხორციელდა უაღრესად მძიმე საგარეო შოკების შთანთქმა და საქართველო მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაზარალებული გამოვიდა ამ პროცესებიდან. დღეს ვითარება არის შეცვლილი და შესაბამისად საჭიროა სხვა ტიპის სავალუტო პოლიტიკის განხორციელება.” - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში