"სად არის დაპირებული გზა?" - საპროტესტო აქცია ხულოში

01 აგვისტო 2019, 11:39 4708 ნახვა

„7 წელი ტყუილში“,“ სად არის დაპირებული გზა“, „ ანზორ გვათხოვე ჯიპი“ - ბანერებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს და რამდენიმე წუთით  ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთი გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ დანაპირები შეასრულოს და აღნიშნული გზის რეაბილიტაცია დროულად მოახდინოს.  მათი თქმით, გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დაწყებულიყო, თუმცა  მშენებლობის დაწყების ნაცვლად კომპანიამ ტერიტორიიდან მძიმე ტექნიკა გაიყვანა.

"ნაციონალური მოძრაობის წევრები" ამბობენ, რომ გზის მოუწერიგებლობის გამო შემცირდა ტურისტების რაოდენობაც,  გადაადგილება  გართულებულია მსუბუქი ავტომობილებისთვისაც.

„გვაჩვენონ რა ადგილას დაიწყენ ამ ხალხმა გზის მშენებლობა, გასულია 4 თვეზე მეტი.  ჩვენ შვიდი წელია ტყუილები და ცრუ დაპირებები გვესმის“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ადგილზე მობილიზებული იყო  საპატრულო  პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, რომელთა მოთხოვნის საფუძველზეც აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლეს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები  ამბობენ, რომ ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია  და მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციები პერნამენტულ სახეს მიიღებს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი