თბილისის ,,დინამო’’:  ,,არ ყოფილა გამოფენილი არანაირი პოლიტიკური სახის ბანერი და არც დაძაბულობას ჰქონია ადგილი’’

26 ივლისი 2019, 13:49 2117 ნახვა

თბილისის ,,დინამოს’’ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. გუშინ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, თბილისის ,,დინამო’’ აზერბაიჯანში ,,გაბალას’’ ესტუმრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო და ტექსტური  მასალა, თითქოს თამაშის დროს სტადიონზე პოლიტიკური შინაარსის ბანერი გამოფინეს. 

,,დინამო’’ მსგავს ფაქტს უარყოფს. კლუბის წარმომადგენლები ამბობენ, რომ  პოლიტიკური ბანერი მატჩის მიმდინარეობისას არავის გამოუფენია. 

შეხვედრა ,,დინამოს’’ გამარჯვებით 0-2 დასრულდა. განმეორებითი მატჩი 1 აგვისტოს თბილისსში გაიმართება.

თბილისის ,,დინამოს’’ ოფიციალური განცხადება:

''გუშინდელი მატჩის დასრულების შემდეგ რამდენიმე „ფეიკ“ და სახელდახელოდ შექმნილი გვერდების მიერ მოხდა თამაშის მიმდინარეობის არასწორედ და პროვოკაციულად ამსახველი, დამონტაჟებული ფოტო და ტექსტური ინფორმაციის გავრცელება, სადაც აქცენტი პოლიტიკურ ბანერებზე და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირებაზე გაკეთდა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მატჩმა ნორმალურ და მშვიდ გარემოში ჩაიარა. ეს ყველაფერი შეხვედრის პირდაპირ ვიდეო რეპორტაჟშიც თვალნათლივ ჩანდა. გულშემატკივართა მიერ არ ყოფილა გამოფენილი არანაირი პოლიტიკური სახის ბანერი და არც არანაირ დაძაბულობას არ ჰქონია ადგილი. ეს ცრუ ინფორმაციები ნამდვილად ვერ მიაყენებს ჩრდილს ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობას. გთხოვთ ამ პროვოკაციული გვერდების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას'' - წერია განცხადებაში. 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში