ხელვაჩაურში დღეს, 26 ივლისს, საკრებულოს სხდომა იმართება. დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ გადასცემენ თუ არა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს აჭარის მთავრობას.
5552 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი მეჯინსწყალზე მდებარეობს.
თუ საკრებულოს წევრები მას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მისცემენ, უწყება მოგვიანებით პირდაპირი მიყიდვის ფორმით, პრივატიზების გარკვეული პირობებით ნაკვეთს ''ქართული წყლის კომპანიას'' გადასცემს.
კომპანიამ კი ტერიტორიაზე გამაგრილებელი სასმელების ქარხანა უნდა ააშენოს.
ინიციატივა ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრებს არ მოსწონთ. ისინი გარკვეულ რისკებს ხედავენ. ამბობენ, რომ კომპანია დაახლოებით, ერთი თვის წინ არის რეგისტრირებული, მას გამოცდილება არ აქვს და შესაძლოა, დაგეგმილი პროექტი ვერც განხორციელდეს.
საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ვარდმანიძე კი ამბობს, რომ ამით სახელმწიფო არაფერს კარგავს, პირიქით განხორციელდება 30 000 000 ინვესტიცია და დასაქმდება 100 ადგილობრივი.
''მე ვიტყოდი, რომ ეს ცარიელ ადგილას წარმოქმნილი პრობლემაა, ბატონმა თეიმურაზმა რაც ილაპარაკა. აქაა საუბარი 30 მილიონიან ინვესტიციაზე, რამდენი ასეთი პროექტი იცის ''ნაციონალურმა მოძრაობამ'', რომელიც ხელვაჩაურში ხორციელდება? როდესაც შემოსავალი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს დარჩება. 100 ადამიანი დასაქმდება, ესაა კოლოსალური და სოლიდური ინვესტიცია. გამაგრილებელი სასმელების ქარხნის მშენებლობა დაიწყება. ახლა მხოლოდ გადაცემაზეა საუბარი. ფინასთა და ეკონომიკის სამინისტროს უნდა გადავცეთ. მერე იქნება ხელშეკრულება, გაიწერება პირობებიც.
ჟურნალისტი: ოპოზიცია ამბობს, რომ კომპანია ერთი თვის წინ შეიქმნა
ჯუმბერ ვარდმანიძე: კი მერე რა, აქ რა არის საეჭვო?
ჟურნალისტი: მსგავსი საქმიანობის გამოცდილება აქვს?
ჯუმბერ ვარდმანიძე: ვერ გეტყვით, არ ვიცი... ამას ამ შემთხევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ვინაიდან 30 მილიონიანი ინვესტიციაა.. სახელმწიფო ხომ არ ხარჯავს თანხას, ჩვენ ხომ არ ვაძლევთ შეკვეთას და ხომ არ ვურიცხავთ ფულს. მისივე სახსრებით ააშენებს და დაასაქმებს მოსახლეობას.
განახლება: 13:35 მიწის ნაკვეთის გადაცემას მხარი მმართველი გუნდის დეპუტატებმა დაუჭირეს, ოპოზიცია საკითხის გადადებას ითხოვდა.