სვანეთში ადიდებულმა მესტიაჭალადმა ჰესის ტერიტორია დატბორა, დანგრეულია ხიდები. მაშველები ტერიტორიიდან ტურისტების გამოყვანას ცდილობენ.
მდინარის მიერ ჩამოტანილმა შლამმა დაფარა ავტომობილები.
მესტიის გამგეობის ინფორმაციით, რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, ლეხზირის ხეობაში, დიდი რაოდენობის ნატანი მასალის მესტიაჭალაში ჩადინებამ მდინარის ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა განაპირობა.
დაზიანებულია „წრნიაშიდან“ წყლის მიმღები ცენტრალური მაგისტრალის ორი მილი, რომლებიც ამარაგებენ დაბა მესტიას სასმელი წყლით, ამ დროისთვის დაბა მესტიის მოსახლეობის ნახევარზე მეტს სასმელი წყალი არ მიეწოდება.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "სვანეთი ჰიდრო".
"დაბა მესტიაში მდინარე მესტიაჭალა ადიდდა, რასაც მოყვა უეცარი ტალღური წყალმოვარდნა. წყალდიდობა ჰიდროელექტროსადგურ მესტიაჭალა 1-ის მიმდებარე ხეობაში მოხდა. დატბორილია მესტიაჭალა 1-ის ტერიტორია, თუმცა პირველადი შეფასებით, უშუალოდ სადგური მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა და ნატანის გაწმენდის შემდეგ ჩვეულებრივ განაგრძობს ფუნქციონირებას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ჰესმა სტიქიის შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა და დასახლებული პუნქტი დაიცვა. რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურ მესტიაჭალა 2-ს, არც სადგურს და არც მიმდებარე ტერიტორიებს სტიქია არ შეხებია'' - ნათქვამია განცხადებაში.
სვანეთში ამ დრომდე წვიმს.
ვიდეო: ლევან მარგიანი