ათობით მილიონი დოლარის ზარალი, თიბისიში კიდევ ერთხელ დატოვებული თანამდებობები და ბევრი კითხვა საეჭვო დამთხვევებთან დაკავშირებით - ახლა უკვე ამერიკის საელჩოც პირდაპირ და ღიად მიუთითებს, რომ შემაშფოთებელია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების კონტექსტი და დროის გარემოება - სწორედ საეჭვო დამთხვევებზე საუბრობენ არასამთავრობო სექტორშიც, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დააანონსა.
ორგანიზაციები პროკურატურისგან დამაჯერებელი მტკიცებულებების გასაჯაროვებას მოითხოვენ. საქმის გარშემო პროცესების გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლად წარმართვის აუცილებლობას კრიტიკულად მნიშვნელოვანს უწოდებს ბრიტანეთის საელჩოც. შეგახსენებთ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ფულის გათეთრების მუხლით ბრალი გუშინ წარუდგინეს.