საქართველოს მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს დაასუბსიდირებს

24 ივლისი 2019, 20:10 4175 ნახვა

რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებისთვის საქართველოს მთავრობამ 600 ათას ევრომდე თანხა გამოყო.

საუბარია ბილეთების სუბსიდირებაზე, ანუ ავიაკომპანია, რომელიც ბათუმის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებიდან, ერევნის გავლით სატრანზიტო ფრენებს შეასრულებს რუსეთის მიმართულებით და უკან - საქართველოს მთავრობა თოთოეული მგზავრის ბილეთში მაქსიმუმ 90 ევროს გადაუხდის.

სუბსიდირება შეეხება ყველა იმ მგზავრს, ვინც მოგზაურობას საქართველოს მიმართულებით რუსეთის ფედერაციიდან დაიწყებს.

დოკუმენტს ხელს საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს.  დადგენილება ძალაში დღეს, 24 ივლისს, შევიდა.

მთავრობა არ აკონკრეტებს, რომელ ავიაკომპანიასთან აფორმებს ხელშეკრულებას თუმცა, დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი პირობები.

''სტიმულირების ხელშეკრულების მიზნებისათვის პრიორიტეტულ სატრანზიტო მიმართულებად ითვლება რუსეთის ფედერაცია-ერევანი-ბათუმი-ერევანი-რუსეთის ფედერაცია და ასევე რუსეთის ფედერაცია-ერევანი-თბილისი-ერევანი-რუსეთის ფედერაციის მიმართულებები. 

სტიმულირების პროგრამის ფარგლებში ორივე მიმართულების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ევროს, დამატებითი ღირებულების გარეშე. 

პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულების ფარგლებში ავიაკომპანიამ უნდა უზრუნველყოს, წლის განმავლობაში უწყვეტად, კვირაში სულ მცირე, ორი სიხშირის შესრულება თითეულ პრიორიტეტულ სატრანზიტო მიმართულებაზე,'' - წერია დადგენილებაში. 

სტიმულირების პროგრამის ფარგლებში შესაბამის ხელშეკრულებას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ გააფორმებს.

ამ ეტაპზე რუსეთიდან ერევნის გავლით სატრანზიტო ფრენებს მხოლოდ „ჯორჯიან ეარვეისი“ ასრულებს.

„ჯორჯიან ეარვეისში“ 22 ივლისს ამბობდნენ, რომ ჯერ სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობდა და კონკრეტული გადაწყვეტილება, რა ტიპის მხარდაჭერას გაუწევდა სახელმწიფო ეროვნულ ავიაკომპანიას მიღებული არ იყო. 

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 8 ივლისიდან ოფიციალურად შეწყდა.

აკრძალვების შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა 21 ივნისს გამოსცა. ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, ქვეყნებს შორის პირდაპირ ფრენები ექვსმა რუსულმა და ორმა  ქართულმა ავიაკომპანიამ შეაჩერა. რუსეთმა საქართველოს "ტურისტული ემბარგო" 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაუწესა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი