''რუსთავი 2''- ის გენერალურმა დირექტორმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან და მის გასაჩივრებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
პაატა სალია მიიჩნევს, რომ ''რუსთავი 2-''მა გადაწყვეტილება არ უნდა გაასაჩივროს.
''ჩემთვის ცოტა გასაკვირი იყო, ისეთი კვალიფიციური კადრის განცხადება, როგორიც ''რუსთავი 2''-ის ერთ-ერთი იურისტია. ის აპირებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, მე არ ვიცი რა სტატუსით შეეცდებას ამის გაკეთებას. თუ თვლის, რომ გუნდის ნაწილი და კომპანიის თანამშრომელი არ არის - არჩევნაი მისია.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს კომპანია დღეს ქიბარ ხალვაშის საკუთრებაა. მე ვარ ამ კომპანიის დირექტორი და არ ვთვლი, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრდეს. მითუმეტეს ასეთი მექანიზმი და საფუძველი აღარ არსებობს.
თუ ვინმეს უნდა კერძო პირის სტატუსით ან ვინმეს ადვოკატის სახელით განახორციელოს ეს მისი უფლებაა'' - უთხრა ჟურნალისტებს პაატა სალიამ.
ტელეკომპანიის დირექტორი ასევ ამბობს, რომ ყველანაირი სპეკულაცია ამ საკითხთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია.
''არანაირი საფუძველი იმისა, რომ გადაწყვეტილება არ აღსრულებულიყო არ არსებობდა. სტრასბურგის გადაწყვეტილებები არ საჩივრდება. სპეკულაციაა ის განცხადებებიც, როცა საუბრობენ, რომ სასამართლოს სამი თვის ვადაში არ შეეძლო დაერეგისტრირებინა ეს გადაწყვეტილება.არ არსებობს პრეცედენტი, როცა ქონებრივ დავასთან დაკავშირებით სტრასბურგს მიეღო შეჩერების ღონისძიება და ეთქვას, რომ მოდით სანამ მე ამ ქონებრივ დავას გადავწყვეტ, მანამდე საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება შეჩერდეს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ დროებითი ღონისძიება უნდა გაუქმდეს, რომლის გამოც ახლანდელი მმართველები ტელევიზიის გადმოფორმებას ვერ ახერხებდნენ. იუსტიციის სამინისტრომაც გაასაჯაროვა წერილი'' - ამბობს სალია.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ევროსასამართლოს დასკვნაში წერია, რომ 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და ის ძალაში 19 ოქტომბრამდე შევა, თუ მას დიდ პალატაში მხარეები არ გაასაჩივრებენ.
ევროსაბჭოდან მიღებული წერილი და განცხადება გაავრცელა დღეს, იუსტიციის სამინისტრომაც.
დილით კი ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა. ტელევიზიის ყოფილი ხელმძღვანელი წერდა: ''ჩამოვიდა სტრასბურგის გადაწყვეტილების ბეჭდური ვერსია. თან ახლავს მოწერილობა, რომელიც განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება არაა საბოლოო და ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გაასაჩივრებთო. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახლა როგორ იქნება, ძალაში არ შესული გადაწყვეტილებით სამართლებრივი შედეგი რომ დააყენეთ?''.