შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა კიდევ 4 პირი დააკავეს.
20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით მიმდინარეობს.
''გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით. ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას და უწევდნენ მათ წინააღმდეგობას, ორგანიზებულად შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. კერძოდ: 1992 წელს დაბადებული კ. ღ. პოლიციელების მიმართ გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით და ცდილობდა მათთვის ფარის წართმევას. ასევე, მან ერთ-ერთი სამართალდამცავი კორდონიდან ხალხის მასაში გაათრია. 1979 წელს დაბადებული ვ. გ. ფიზიკურად და სიტყვიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცავებს და აგრესიულად ცდილობდა პარლამენტის ტერიტორიაზე შეჭრას. მან სოციალურ ქსელში განათავსა 20 ივნისს, პარლამენტის შენობასთან გადაღებული ვიდეო, სადაც ხალხს საგნების სროლით პოლიციის კორდონზე შტურმისკენ მოუწოდებს და სამართალდამცავებს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას.
1996 წელს დაბადებული ი. მ. სამართალდამცველს ურტყამდა რეზინის ხელკეტს და შეკრებილებს მოუწოდებდა პოლიციელებზე თავდასხმისკენ. რაც შეეხება, 1997 წელს დაბადებულ მ. ფ. - ს, იგი მოქმედებდა განსაკუთრებული აგრესიით, პოლიციელებს ართმევდა დამცავ ფარებს და ფიზიკურ შეტევას ახორციელებდა მათზე''- წერია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე დღეის მდგომარეობით პასუხისგებაშია მიცემული 9 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკანორ მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში.