მიხეილ კალანდია პოლიტმატიმარია - ასე მიიჩნევს სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულის ძმა

11 ივლისი 2019, 11:20 2053 ნახვა

ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმამ გუგა კალანდიამ სასამართლოს დაწყებამდე განაცხადა, რომ პროკურატურას ახალი მტკიცებულებები არ აქვს. კალანდიამ თავის ძმას პოლიტპატიმარი უწოდა და განაცხადა, რომ ნათია მეზვრიშვილმა საკუთარი განცხადების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან მისი მტკიცებით აღმკვეთი ღონისძიება ამ განცხადებამ დაამძიმა, როდესაც მიხეილ კალანდიაზე თქვა რომ ის ქალაქიდან გაპარვას აპირებდა. 

"ყოველ სხდომაზე ჩვენ ველოდებით, რომ მიხეილი გარეთ გამოვა და დღესაც ეს მოლოდინი გვაქვს. მე მინდა მივმართო ქალბატონ ნათია მეზვრიშვილს, მე მინდა მან მოიხადოს ბოდიში საჯაროდ, იმ ცრუ განცხადებისთვის რაც მან გააკეთა. მინისტრის მოადგილის რანგის მქონე ქალბატონი არ უნდა აკეთებდეს ისეთ არაკომპეტენტურ განცხადებას, რომელიც შემდგომ ჩემს ძმას აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხში ხელს უშლის. მეზვრიშვილმა თქვა, რომ თითქოს ჩემი ძმა ქალაქიდან გარბოდა. ამიტომ მე მოვითხოვ, რომ ის გამოვიდეს და გააკეთოს განმარტება, რომ არ ჰქონდა სწორი ინფორმაცია ან თქვას თუ რა და როგორ იყო და შემდეგ ვილაპარაკოთ დანარჩენზე. როცა მოსამართლე მსჯელობს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლაზე და ასაბუთებს იმით, რომ არსებობს მიმალვის საფრთხე, როცა წელიწად-ნახევარი ბავშვი აქ იყო ქალაქში, არსად არ გადიოდა და არანაირი მიმალვის საფრთხე არ ყოფილა, ყველა პროცესზე ცხადდებოდა რამ გამოიწვია ეს მიმალვის საფრთხე? ლოგიკურ კითხვა ჩნდება. არანაირი ნივთმტკიცება არ არსებობს საქმესთან დაკავშირებით , მტკიცებულებები არის მხოლოდ სიტყვიერი და არის მხოლოდ ირიბი მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ვიღაცეების მონაყოლს ამბობენ, რაც სასაცილოდ მეჩვენება. როდესაც სამართალწარმოებასთან გვაქვს საქმე  და ვითვალისწინებთ მესამე და მეოთხე პირის მონაყოლს და ამისთვის უდანაშაულო ბავშვს ვასამართლებთ ეს ცოტა არ იყოს სასაცილოა და ცინიკურია"-თქვა მიხეილ კალანდიას ძმამ, გუგა კალანდიამ.

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ბრალდების საქმეზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში