საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. დავით ზალკანიანი ამბობს, რომ ეს არის ისტორიული ფაქტების არასწორად, სუბიექტურად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს ისტორია მე-18 ან მე-19 საუკუნიდან არ იწყება.
"ეს ახალი არ არის. ადრეც ყოფილა ასეთი განცხადებები. ეს არის, რა თქმა უნდა, ისტორიული ფაქტების არასწორად, სუბიექტურად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის, რაზეც საუბარი იყო, არის არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით გაკეთებული განცხადებები და არასწორ კონტექსტში. როდესაც ჩვენ ისტორიაზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ საქართველოს ისტორია არც მე-18 საუკუნიდან იწყება და არც მე-19 საუკუნიდან.
საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში უამრავი ფაქტი არსებობს და არგუმენტირებულად, ეს ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სწორედ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი და აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. თუკი ჩვენ გვინდა ისტორიულ ფაქტებში წიაღსვლა, ამაზე ისტორიკოსებმა იმსჯელონ. აქაც ვფიქრობ, ჩვენს სასარგებლოდ არის ძალიან ბევრი ფაქტი. რაც შეეხება სახელმწიფოს, ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ კონფლიქტის მოგვარებასთან მიმართებით გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იქნება დეესკალაციისკენ, დეოკუპაციისკენ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. უთხრა ჟურნალისტებს ზალკალიანმა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას მამუკა ბახტაძეც გამოეხმაურა.
ვლადიმერ პუტინმა გუშინ, რუს ჟურნალისტებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში შესვლის საკუთარი ვერსია გააცნო. რუსეთის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ საქართველომ "აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა" და "ოსეთში გენოციდი დაიწყო".