ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულ 10 პირს პატიმრობა შეეფარდა

06 ივლისი 2019, 18:23 2477 ნახვა

ქურდულ სამყაროსთან კავშირისა და ე.წ. ობშიაკის შეგროვების ბრალდებით დაკავებულ 10 პირს აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რაც შეეხება კიდევ ერთ პირს, რომელსაც ბრალი მე-17 დაწესებულებაში წარედგინა, მის მიმართ წინასასამართლო სხდომა დაინიშნა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

მოსამართლემ სრულიად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, რომ არსებობდა ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზეწოლის მოხდენის საფრთხე, სწორედ ამიტომ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარეების შუამდგომლობები გირაოს შეფარდების თაობაზე და აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა იქნა გამოყენებული.

პოლიციამ  საქართველოს მასშტაბით, ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავა, 1 პირს კი ბრალი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით  დაკავებულები არიან მეტსახელად - „ლამბო“, „ოსკარი“, „ალესკერი“, „ხომეინი“, „გოჭი“, ჯოლო“, „ბაჩო“, „წიე“, „ყურშა“ და  „ლერი“. 

''გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობაში, ასევე, თავიანთი ქმედებებით ავრცელებდნენ ქურდული სამყაროს სპეციალურ წესებს, როგორიცაა სარგებლისა და უპირატესობის მიღება, ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვება-მინიჭება და ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის განხილვა-გადაწყვეტა.“

ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში