რა სისტემით უნდა ჩატარდეს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2020 წელს, ამაზე საქართველოს პრეზიდენტს მოსაზრება არ დაუფიქსირებია - ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს უთხრა. დავით გაბაიძემ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს ინფორმაცია ცალმხრივად მიაწოდა.
''რომ გითხრათ, რომ პრეზიდენტს ამასთან დაკავშირებით რაიმე პოზიცია ჰქონდათქო - არა, რადგან ეს იყო მხოლოდ ჩემი მხრიდან ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია. უბრალოდ, უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, როცა ვსაუბრობდი, ბუნებრივია გუშინდელი ოპოზიციის ინიციატივაც ვახსენე. ვთქვით, რომ ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები.
უმაღლესს საბჭოში გუშინ დარეგისტრირდა ოპოზიციის წერილი, პრაქტიკულად ჩემთან დღეს შემოვა. მისი შინაარსი ვიცი, რადგან ინიციატორებმა ხმამაღლა ჩაიკითხეს ეს ტექსტი. ტელევიზიის მეშვეობით მე გავიგე რა სურდათ. მომავალი კვირიდან დავიწყებთ ამ საკითხზე მუშაობას.
საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებით კმაყოფილი უნდა ყველა მხარე, მიუხედავად იმისა ჩვენ რა პოლიტიკური პოზიცია და დღის წესრიგი გვაქვს. ჩვენ უნდა მივიღოთ საარჩევნო სისტემის ისეთი მოდელი, რომელიც პირველ რიგში უპასუხებს იმ მოთხოვნებს, რომელსაც აჭარის მოსახლეობა აყენებს'' - განაცხადა დავით გაბაიძემ.
8 პარტია უმაღლესი საბჭოს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს.