ეროვნული ბანკი დღეს ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ფინანსისტები ლარის კურსის რყევის მიზეზებს განმარტავენ. ამბობენ, რომ რუსეთიდან ფრენების შეზღუდვამ და მოლოდინმა, რომ შესაძლოა რუსული ბაზრიდან ტურისტების ნაკადი შემცირდეს, ლარზე შოკური გავლენა მოახდინა.
წინასწარი პროგნოზით, ეროვნული ბანკი იმ ზარალზე საუბრობს, რომელიც შეიძლება მიიღოს საქართველომ რუსი ტურისტების მოულოდნელად შემცირების შედეგად.
"ამ ეტაპზე რთულია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, თუმცა პირველადი გათვლებით, რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირებას წლის დარჩენილ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა დაახლოებით 200-300 მლნ აშშ დოლარამდე იქნება. ეს საგარეო შოკი აისახება საგადამხდელო ბალანსზე და, შესაბამისად, კურსზეც. თუმცა, გასათვალისწინებელია, I კვარტალის მიმდინარე ანგარიშის დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე ანგარიში 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით დაახლოებით ორჯერ (207 მლნ აშშ დოლარით) გაუმჯობესდა. ეს ნიშნავს, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, მათ შორის რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებითაც, წლის განმავლობაში საგარეო ბალანსი პროგნოზირებულზე მცირედით, მაგრამ მაინც გაუმჯობესდება" .
ეროვნული ბანკი, აქვე აქვეყნებს გასული წლის პირველი კვარტლის მონაცემებს და ამბობს, რომ 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, დაახლოებით ორჯერ (207 მლნ აშშ დოლარით) გაუმჯობესდა შემოსავალი. "ეს ნიშნავს, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, მათ შორის რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებითაც, წლის განმავლობაში საგარეო ბალანსი პროგნოზირებულზე მცირედით, მაგრამ მაინც გაუმჯობესდება.
საქართველოს საგარეო შოკებით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების წარმატებული გამოცდილება აქვს. 2014-15 წლებში ნავთობის ფასების ვარდნის შედეგად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებიდან მოთხოვნისა და გზავნილების შემცირებამ, უკრაინაში საომარმა ვითარებამ, რუსეთისთვის საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების დაწესებამ და აშშ დოლარის გლობალურმა გამყარებამ სავალუტო შემოდინებები დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარით შეამცირა".
ეროვნულ ბანკში ასევე საუბრობენ ლარიზაციის უპირატესობაზე. "დღევანდელი სიტუაცია ცხადყოფს, რომ სესხის და შემოსავლის ვალუტა უმჯობესია ერთი და იგივე იყოს. ასეთ შემთხვევაში მსესხებლები მოწყვლადები არ იქნებიან გაცვლითი კურსის მიმართ. ამავდროულად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დოლარიზაციის შემცირების პოლიტიკა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების ამოქმედება სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო".