"თუ ბრძანება არ გაუცია, რატომ არ აღკვეთა გახარიამ პოლიციელების ძალის გადამეტების ფაქტები? - კახა კოჟორიძე

25 ივნისი 2019, 23:50 1861 ნახვა

 ახლა აქცენტის გაკეთება მხოლოდ  ნიკა მელიას მოქმედებაზე იქნება კიდევ ერთი დასტური შერჩეული სამართლიანობის, - აცხადებს ''ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის'' ყოფილი თავმჯდომარე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე, რომელიც დღეს პარლამენტის წინ აქციაზე, გიორგი მარგველაშვილთან ერთად იმყოფებოდა. 

''მოქმედებაში, რომელიც პირველ დღეს განვითარდა, პარლამენტის შეჭრის მოწოდებები იყო კანონდარღვევა, მაგრამ მხოლოდ ახლა აქცენტის გაკეთება ნიკა მელიას მოქმედებაზე იქნება კიდევ ერთი დასტური შერჩეული სამართლიანობის და საჭიროა, რომ სამართალდამცავმა ორგანომ იმოქმედოს პოლიტიკური მიკერძოების გარეშე. ნუ დაგვავიწყდება, რომ მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ კანონდარღვევებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამწუხაროდ სამართალდამცავების მხრიდან'' - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან კოჟორიძემ

მისი განმარტებით, ნათლად ჩანდა, რომ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, რისთვისაც შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია უნდა დაისაჯოს.

კახა კოჟორიძის თქმით, თუ დარბევის ბრძანება ძალოვანი უწყების მინისტრს არ გაუცია, მაშინ მეორე კითხვა ჩნდება: '' პოლიციელების მიერ ცადენილი უკანონობა რატომ არ აღკვეთა?''

''ძალის გადამეტება, რომ იყო ეს არის ცალსახა, ეს არის არაორაზროვანი და გახარიას უნდა დაეკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა. დღეს ცდილობდნენ გახარიას გამართლებას იმით, რომ თითქოს მას არ გაუცია უკანონო ბრძანება, დაუშვათ, რომ ასეა, დაუშვათ, რომ მას არ გაუცია ბრძანება, ჩემი კითხვა არის სხვა, რატომ არ გასცა გახარიამ კანონიერი ბრძანება? როცა ის ხედავდა, რომ ამდენი საათის განმავლობაში ხდებოდა ძალის გადამეტება, დამიზნებით სროლა, რეზინის ტყვიების მოკლე მანძილზე გამოყენება, რატომ არ გამოიყენა კანონიერი ბრძანება და რატომ არ აღკვეთა ის, რაც უნდა აღკვეთილიყო. სისხლის სამართლის კოდექსით პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება არამხოლოდ მოქმედებისთვის - უმოქმედობისთვისაც'' - ამბობს კოჟორიძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი