რუსეთი ამტკიცებს, რომ ქართული ღვინო უხარისხოა და კონტროლს ამკაცრებს

25 ივნისი 2019, 18:24 3759 ნახვა

რუსეთი - „როსპოტრებნადზორი“ ქართულ ღვინოზე კონტროლს ამკაცრებს. მიზეზად სამსახური  ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხის გაუარესებას ასახელებს. გუშინ (24 ივნისს) რუსეთის მომხმარებელთა უფლებებისა და ადამიანის  კეთილდღეობის დაცვის ფედერალური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში სტანდარტებთან შეუსაბამო ალკოჰოლური პროდუქციის იმპორტის მოცულობა საქართველოდან სამჯერ გაიზარდა.

„2014 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, მოთხოვნების შეუსაბამობა საქართველოში ნაწარმოებ პროდუქტზე 2,9–ჯერ გაიზარდა და 2018 წელს 203 ათასი ლიტრი შეადგინა. („ბაგრატიონი–1882“, „ბოლერო ენდ კომპანი“, კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“, „ბადაგონი“, „ქართული ღვინის სახლი“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, „ქართული ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“, „ბატონო“) ამ პროდუქციის ყველა პარტიის შეტანა რუსეთის ტერიტორიაზე აიკრძალა"-წერია განცხადებაში.

რუსეთის მომხმარებელთა უფლებებისა და ადამიანის  კეთილდღეობის დაცვის ფედერალური სამსახურმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  რუსეთიდან საქართველოში ფრენების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოში რუსული  მხარის მიერ დასახელებულ მიზეზს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში  აცხადებენ, რომ ხარისხის კონტროლი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ბოლო წლებში მუშაობა გაძლიერებულია. "მნიშვნელოვანია, საქართველოში წარმოებული ათეულ მილიონობით ბოთლი ღვინო აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტს. ვფიქრობთ, რომ არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დადგეს ქართული საექსპორტო პროდუქციის ხარისხი" - ამბობენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში, რომელიც საქართველოს მეღვინეობის დარგის მარეგულირებელი ორგანოა.

„ღვინის ექსპორტის რაოდენობრივი ზრდის პარალელურად,  ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქართული ღვინის ხარისხის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას. საქართველოს მეღვინეობის დარგის მარეგულირებელი ორგანოს, ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქართული ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა და მისი კონტროლია. ამ მიზნით, 2017 წელს, „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“ შესული ცვლილებებით, 2018  წლის 1 იანვრიდან სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარა ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო. 2018 წლის პირველ იანვრამდე სავალდებულო დეგუსტაციას მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები ექვემდებარებოდა. საკანონმდებლო ცვლილებებით ასევე მოხდა საქართველოდან ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის აკრძალვა, რათა არ მოხდეს ქვეყნის გარეთ ქართული ღვინის ფალსიფიკაცია,“-აცხადებენ სააგენტოში.

2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან რუსეთში 21 372 581 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში