საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა.
არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ნიკა გვარამიას განცხადება ემსახურება აქციების მუხტის შენარჩუნების მცდელობას და არავითარი საფრთხე საქართველოში არც ერთ მედიას არ ემუქრება.
“მას შემდეგ, რაც მასობრივი არეულობის და ძალადობრივი სცენარი აღიკვეთა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მიმართა უბინძურეს პროვოკაციას, რასაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებდით პირდაპირ ეთერში. ისინი ქართულ საზოგადოებას უხმობენ, არარსებული საფრთხისგან “რუსთავი 2”-ის დასაცავად. პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ეს ემსახურება მიმდინარე აქციების მუხტის შენარჩუნების მცდელობას და არავითარი საფრთხე საქართველოში არც ერთ მედიას, მით უმეტეს, ხელისუფლების მხრიდან არ ემუქრება.
შესაბამისად, ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე. დარწმუნებული ვარ საზოგადოება სწორად შეაფასებს ამ სიცრუეს და დეზინფორმაციას, რაც ახლა მიმდინარეობს. ვფიქრობ, ეს არის გაგრძელება, მათივე მოფიქრებული გეგმა მას შემდეგ, რაც აღიკვეთა მასობრივი არეულობის და ძალადობრივი სცენარის განვითარება, რასაც ადგილი ჰქონდა 2 დღის წინ”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერი აქციის მონაწილეების მოთხოვნებს არ გამოხმაურებია.
ცოტა ხნის წინ ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა, რა დროსაც აღნიშნა, რომ ღამით “რუსთავი 2”-ის ძალადობრივი აღება იგეგმება.
“ორმა წყარომ, მათ შორის ერთმა მაღალმა სახელისუფლებომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება რუსთავი 2-ის ძალადობრივი აღების შესახებ დღეს, ღამე. ამ იდეას ჰყავს მოწინაღმდეგეებიც და მომხრეებიც ხელისუფლებაში”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.