„ლიბერალს“ ჟურნალისტები ტოვებენ და სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში წერია, რომ 2019 წლის 7 ივნისს სამმა რედაქტორმა და „ლიბერალის“ ჟურნალისტებმა მფლობელს და გენერალურ დირექტორს, შორენა შავერდაშვილს განცხადება გაუგზავნეს. ატყობინებდნენ, რომ 30 კალენდარული დღის შემდეგ რედაქციას დატოვებდნენ.
განცხადების ავტორები ამბობენ, რომ წასვლის მიზეზი, მფლობელის მიერ ახალი სარედაქციო ხედვის და საკადრო ცვლილებების დაანონსება გახდა.
''სულ მალე ერთმანეთს ისევ მედიასივრცეში, ოღონდ ახალ პლატფორმაზე შევხვდებით'' - წერენ ჟურნალისტები.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ლიბერალში“ 7 ივლისამდე უნდა გვემუშავა, თუმცა მფლობელის მოთხოვნით, ხვალიდანვე ვტოვებთ რედაქციას.
მოკლედ მიზეზებზე:
ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც 2013 წლიდან ვმუშაობდით „ლიბერალში“ და წარვმართავდით მის სარედაქციო საქმიანობას.
ჩვენ ვაკეთებდით საქმეს, რომლისაც მთელი არსებით გვჯეროდა და ვემსახურებოდით დამოუკიდებელ, ეთიკურ, კვალიფიციურ ჟურნალისტიკას.
არ გვსურდა, რომ მომავალში „ლიბერალის“ მდგრადი განვითარება კითხვის ქვეშ დამდგარიყო და გვინდოდა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით მისი განვითარების გარანტორები, რადგან კარგად ვაცნობიერებთ დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობასა და როლს.
ამ გარემოების გათვალისწინებით შორენა შავერდაშვილს „ლიბერალის“ გუნდის სახელით მივმართეთ წინადადებით, შეექმნა პრეცედენტი და „ლიბერალი“ გადმოეცა ან მოეყიდა ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის (ჩვენთვის მისაღებ ფასად).
ჩვენს წინადადებაზე მფლობელმა უარი გვითხრა და პასუხად განგვიცხადა, რომ მას არ მოსწონს „ლიბერალის“ პოზიციონირება, დაგვიანონსა საკადრო ცვლილებები, მისი ნდობით აღჭურვილი მმართველის დანიშვნა და ახალი სარედაქციო ხედვის ჩამოყალიბება.
რადგან ჩვენთვის ისედაც ცნობილია კომპანიის მფლობელისა და ჩვენს სარედაქციო და მენეჯმენტთან დაკავშირებულ ხედვებს შორის არსებული განსხვავების შესახებ, მიგვაჩნია, რომ მის მიერ შემოთავაზებული/დაანონსებული ცვლილებების გათვალისწინებით, „ლიბერალში“ ჩვენი დარჩენის შესაძლებლობა ამოიწურა.
დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებს, დონორებს და, რა თქმა უნდა, მკითხველს წლების განმავლობაში თანამშრომლობის, ერთგულებისა და ნდობისთვის.
დაბოლოს, რადგან ჩვენს მომავალს მხოლოდ დამოუკიდებელი მედიის სამსახურში ვხედავთ, რადგან დაგვიგროვდა უნიკალური გამოცდილება, სულ მალე ერთმანეთს ისევ მედიასივრცეში, ოღონდ ახალ პლატფორმაზე შევხვდებით.
შეხვედრამდე!
ზურა ვარდიაშვილი
ლიკა ზაკაშვილი
დავით გამისონია
თათია ხალიანი
ნათია ამირანაშვილი
სალომე გორგოძე
ქრისტინე მუჯირი
ალექსანდრე ქეშელაშვილი
ბასტი მგალობლიშვილი
ნინო კალატოზიშვილი
ნათია ორმოცაძე