''ქართულ ოცნებას'' საქართველოს სუვერენიტეტის წაბილწვა ძვირი დაუჯდება - ევროპული საქართველო 

20 ივნისი 2019, 11:25 1704 ნახვა

''ევროპული საქართველოს'' წევრები ამბობენ, რომ ''ქართულ ოცნებას'' საზოგადოების ეს შეურაცხყოფა, საქართველოს სუვერენიტეტის, სახელმწიფო ინსტიტუტების წაბილწვა, მათ შორის აფხაზეთის ომში დაღუპულთა  ხსოვნის შეურაცხყოფა ძალიან ძვირი დაუჯდება''. ასე გამოეხმაურა გიორგი კანდელაკი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას. 

ევროპული საქართველოს ლიდერმა ბრიფინგზე თქვა, რომ ხელისუფლებამ დღეს ხალხს რეალური სახე აჩვენა. 

''ჩვენ ევროპული საქართველო, ''ქართული ოცნების'' მთავრობას  გადავახდევინებთ ძალიან მაღალ ფასს, აფხაზეთში დაღუპული ჩვენი ჯარისკაცების, მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნისთვის, ასეთი შეურაცხყოფის მიყენებისთვის. 

საეტაპო არის დღევანდელი დღე ''ქართული ოცნების'' მოღვაწეობის პერიოდში. ამ ხალხის შემოშვება საქართველოში არის განაცხადი, ამას ნიშნავს, რომ მათი წარსული მისაღებია.

ნებისმიერ სახელმწიფოს, რა თქმა უნდა საქართველოსაც აქვს სრული სუვერენული უფლება, ვინც არის  არასასურველი არ შემოუშვას  საკუთარ ტერიტორიაზე. ეს არის სუვერენიტეტის ანა-ბანა. 

ვინც არასასურველია ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია საზღვრიდან გავაბრუნოთ უკან. აქ გამონათქვამები არაფერ შუაში არ არის'' - თქვა ბრიფინგზე გიორგი კანდელაკმა. 

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში "მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა" მიმდინარეობს, რომელსაც ამ ასამბლეის პრეზიდენტი, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვება.

გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი სხდომის დაწყებისთანავე დაიკავა. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი