გარემოვაჭრეების ულტიმატუმის ვადა ჩინოვნიკების დაკავების გამო გახანგრძლივდა

03 ივნისი 2019, 12:13 1884 ნახვა

ალტერნატიული სავაჭრო სივრცეების მოსაძებნად, რეგიონის ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა პარასკევს, 31 მაისს, ამოიწურა. გარემოვაჭრეებმა აჭარის მთავრობისგან დაპირება მიიღეს, რომ საკითხზე იმუშავებდნენ, თუმცა მაღალჩინოსნების გახმაურებული დაკავებების გამო, პროცესი გადაიდო.

საკითხზე სპეციალური კომისია მუშაობდა. კომისიის წევრებს შორის იყვნენ ბათუმის ვიცე-მერი თენგო პეტრიძე და განათლების მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ უთხრა, რომ ორივე მათგანი სამართალდამცველებმა აიყვანეს, რის გამოც მთავრობისთვის მიცემული ვადა გახანგრძლივდა. 

გარემოვაჭრეები პასუხს ხვალისთვის ელოდებიან, სად და რა ფორმით გააგრძელებენ მუშაობას. 

ამბობენ, რომ ბათუმის მერიის მიერ გამოყოფილ ადგილას პროდუქციას ვერ ყიდიან, იქ ხალხი საერთოდ არ მიდის. 

საპროტესტო აქციები გასულ კვირას დაიწყო. ათობით გარემოვაჭრე მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან მივიდა.  ისინი დახლების განთავსებას ავტოსადგურის ეზოში რკინიგზის მხარე ითხოვდნენ, ასევე იყო მეორე ალტერნატივა - 23-ე სკოლასთან ახლოს არსებული თავისუფალი ტერიტორია. 

ბათუმის მერიამ ქალაქის სხვადასხვა ქუჩიდან გარემოვაჭრეები, დაახლოებით 4 თვის წინ, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანა.

კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა 27 იანვარს, "ბათუმი პლაზას" მიმდებარე ტერიტორიზე, 23 სკოლისა და მე-12 საბავშვო ბაღის წინ, კუსტარულად დამონტაჟებული ხისა თუ რკინის კონსტრუქციები მოხსნეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში