ზაზა თავაძე და შალვა თადუმაძე 144 კანდიდატს შორის

01 ივნისი 2019, 15:30 1886 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს. კონკურსში მონაწილეობა მან, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუდასტურა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით მოქმედ სიაში გვხვდება, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი აქვთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს თამარ ბეჟანიშვილს და თამარ ბურჯანაძეს. მოსამართლეობის მსურველებს შორის დიმიტრი გვრიტიშვილი და მიხეილ ჩინჩალაძე არ არიან. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა 144-კაციან სიაში იმ პირთა გვარებიც მეორდება, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის 2018 წლის დეკემბერში წარდგენილ კანდიდატთა 10-კაციან სიაში ფიგურირებდნენ. განმცხადებელთა ახალ სიაშიც არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.რაც შეეხება პროცედურებს, ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში განცხადებებისა და დოკუმენტების შესწავლა მოხდება, რის შემდეგაც რამდენიმე ეტაპიანი პროცედურა დაიწყება. ჯერ 144 დან მსურველების გადარჩევა მოხდება, დაიწყება ღია გასაუბრების ეტაპი და საბოლოდ საბჭო პარლამენტს 18 კანდიდატს წარუდგენს.

საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ დაიწყო. ცვლილებების განხორციელება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გასული წლის 24 დეკემბერს საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა პირველად გამოქვეყნებულ სიას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში