დღეს, 28 მაისს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აქცია "გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია" გაიმართება.
აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სასულიერო პირები, მათი მრევლი და სამოქალაქო აქტივისტები.
გარეჯელი მამები ამბობენ, რომ პროცესები მშვიდობიანად, დიალოგის რეჟიმში უნდა გადაწყდეს. სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვენ, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ აზერბაიჯანთან პრინციპული მოლაპარაკება აწარმოოს.
დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა აღდგომის დღესასწაულამდე დაიკეტა და 25 აპრილს გაიხსნა. მესაზღვრეები მაშინ აღდგომის ტაძრისკენ მიმავალ ახალ ბილიკებს თხრიდნენ. სამუშაოები რამდენჯერმე შეჩერდა და განახლდა.
პარალელურ რეჟიმში სადელიმიტაციო კომისიის სხდომაც იმართება. კომისიის წევრებმა აზერბაიჯანელ კოლეგებთან და სპეციალისტებთან ერთად საზღვრები უნდა დაადგინონ.
უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა 2012 წლის მაისშიც ჩაიკეტა - მაშინ ორი კვირით.