კობიაშვილმა ბოდიში მოიხადოს - ქუთაისის ''ტორპედოს'' ფანკლუბი

22 მაისი 2019, 13:01 2922 ნახვა

ქუთაისის ''ტორპედოს'' ფანკლუბი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ბოდიშს მოხდას სთხოვენ. გულშემატკივრებმა დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც წერენ, რომ თუ ლევან კობიაშვილი ბოდიშს არ მოიხდის, ისინი პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ.

ფანკლუბის წევრების გაღიზიანება ფედერაციის პრეზიდენტის ფრაზას მოჰყვა. კობიაშვილმა კლუბის ფინანსურ პრობლემაზე საუბრისას თქვა, რომ მწვრთნელები და ფეხბურთელები ''უაზრო'' კომენტარებს აკეთებენ.

''მე ვთხოვ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს, რომელბმაც ჩემი გადმოსახედიდან აბსოლუტურად უაზრო კომენტარები გააკეთეს, პატივი სცენ თავიანთ გულშემატკივრებს, რომლებიც დასდევენ ყველგან და გვერდში უდგანან. კი აქვთ პრობლემა, მე მქონდა ამაზე საუბარი ხელმძღვანელებთან და გულშემატკივრებთან. ფეხბურთის ფედერაცია პირველი იქნება, რომელიც კლუბს გვერდით დაუდგება. ქუთაისის ''ტორპედო'' სულ ყოველთვის იქნება და ითამაშებს. დაანებონ ამ უაზრო კომენტარების კეთებას თავი'' - თქვა ფრიფინგზე კობიაშვილმა. 

რაც შეეხება ფანკლუბის განცხადებას, წერილში აღნიშნულია, რომ მწვრთნელებისა და ფეხბურთელების მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები მოისმინეს, რასაც ვერავის აპატიებენ. 

''ყველაზე კარგად ვხედავთ, თუ რამხელა შრომას დებს სამწვრთნელო შტაბი იმისთვის, რომ „ტორპედო“ წარმატებული კლუბი იყოს. ვხედავთ, მიუხედავად არაერთი პრობლემისა და უფულობისა, როგორი მონდომებით გამოდიან ფეხბურთელები ჯერ ვარჯიშზე, შემდეგ - თამაშზე. ვხედავთ იმას, რაც, სამწუხაროდ, ვერ ან არ დაინახა ლევან კობიაშვილმა!

ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი გუნდისთვის სრული მხარდაჭერა გამოეხატა, შეურაცხმყოფა მიაყენა სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს. მისი თქმით, გუნდის მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის მიერ გაკეთებული კომენტარი სრული უაზრობა იყო... ეს კი ჩვენთვის, ტორპედოს ერთგული ფანებისთვის, მიუღებელი ტონია, ისევე, როგორც ფეხბურთელების მისამართით „ნასროლი ფრაზები“. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან, რომელიც პირველ რიგში ჩვენი ინტერესების დამცველი უნდა იყოს, ვერ ავიტანთ მსგავს რეპლიკას. ვერ ავიტანთ მსგავს ბრალდებებს იმ ხალხის მიმართ, ვინც ჩვენთვის ყოველდღიურად ბევრ ოფლს ღვრის.

აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ლევან კობიაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც ტორპედოს ფანებმა ფინანსური კრიზისის დროს დახმარების თხოვნით მივმართეთ. ის დახმარებას დაგვპირდა, თუმცა ამის ნაცვლად მისგან ჩვენი მწვრთნელებისა და ფეხბურთელების მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები მოვისმინეთ, თანაც - საჯაროდ, რასაც ვერავის ვაპატიებთ!'' - წერია განცხადებაში. 

რამდენიმე კვირის წინ, ქუთაისი ''ტორპედოს'' მწვრთნელმა თამაშის დასრულების შემდეგ, ასეთი კომენტარი გააკეთა. 

''პრობლემების ფონზე განწყობა და ხასიათი ვერ იყო ისეთი, მაგრამ ჩვენს ბიჭებს მაინც მადლობას ვუხდი. რაც გააკეთეს მთელი ამ ხნის განმავლობაში ქუთაისის ''ტორპედოსთვის''. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ ვართ ფაქტის წინაშე, რომ მომდევნო თამაშამდე შეიძლება დავიშალოთ''. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში