საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ დოლარის კურსის ცვლილების მიუხედავად, მთავრობა ფასების მატების რისკს ვერ ხედავს. ივანე მაჭავარიანი ლარის რყევას საგარეო ფაქტორებს, უფრო კონკრეტულად კი თურქეთში არსებულ ეკონომიკურ რყევებს უკავშირებს.
''რასაკვირველია, საგარეო ფაქტორებია ლარის კურსთან დაკავშირებით. ერთ-ერთი განმაპირობებელი, დარწმუნებული ვარ, თურქეთის ფაქტორიც არის. ზუსტად ამიტომ ჩვენ უკვე ერთ წელზე მეტია, დედოლარიზაციაზე ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული დოლარზე. ამ ტიპის რყევები, აბსოლუტურად ყველგან ხდება, მითუმეტეს პატარა და განვითარებად ქვეყნებში. სწორედ ამის მიმართ უნდა გვქონდეს იმუნიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ დოლარი 2 ლარსა და 80 თეთრს მიუახლოვდა, ჩვენ ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას. დარწმუნებული ვარ, რომ ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა იქნება იმ ზღვარში, რაც ეროვნულ ბანკს აქვს დადგენილი'' - უთხრა ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 1 დოლარის ღირებულება 2.75 თეთრამდე გაიზარდა. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კი დოლარი, ეროვნული ბანკის დადგენილ ტარიფზე 3 თეთრით ძვირად იყიდება.
კიდევ უფრო მაღალია დოლარის შესყიდვის კურსი კომერციულ ბანკებში, სადაც 1 დოლარისთვის 2.80 ლარი დაგჭირდებათ.