„დინამოს“ გენერალური სპონსორი: თუ მოგვყიდიან კლუბს, აქციების 10% ფანკლუბს გადავცემთ

07 მაისი 2019, 13:55 3856 ნახვა

ფოტო: ედუ კოჩალიძე

''ბათუმის დინამოს'' გენერალური სპონსორი აჩიკო ბერიძე, რომელიც კლუბის მყიდველთა შორისაა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან აცხადებს, რომ თუ ბათუმის მერია კლუბს მიყიდის, ის "დინამოს" აქციებს გამოუშვებს და 5 ან 10 პროცენტს ფანკლუბის წევრებს გადასცემს. 

„შესაძლოა, გუნდისთვის ააშენო სტადიონები, ბაზები, მაგრამ სწორად თუ არ მართე და მაყურებელი ვერ მოიზიდე, ყველაფერი აზრს დაკარგავს. თუკი ახალდაწყებული პროცესი გაგრძელდება და მაყურებელი ფეხბურთისკენ შემოტრიალდება, რამდენიმე წელიწადში ჩვენ საშუალო ევროპული დონის ჩემპიონატი გვექნება. კლუბის მართვა კი ხალხთან ერთად წარმომიდგენია. ბათუმის „დინამო“ მხოლოდ ჩემი კლუბი ვერ გახდება და არც შეიძლება, გახდეს. თუკი კლუბი გადმოგვეცემა, მინდა, ბათუმის „დინამოს“ აქციები გამოვუშვათ და 5 ან 10 პროცენტი ფანკლუბს გადავცეთ. ეს ხალხი კლუბის აქციონერები უნდა გახდნენ და მართვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობდნენ. მაგალითად, პრეზიდენტის არჩევნებსა და სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში“, – განაცხადა არჩილ ბერიძემ.

"ბათუმის დინამო" მერიის ბალანსზეა, შპს-ს 100%-იან  წილს მუნიციპალიტეტი ფლობს. ამ ეტაპზე, ბათუმის მერია, მხოლოდ ბავშვთა ფეხბურთს აფინანასებს . კლუბის გენერალური სპონსორი კი ბიზნესმენი აჩიკო ბერიძეა, რომელმაც ჯერ კიდევ 2017 წელს გამოთქვა კლუბის შესყიდვის სურვილი, როდესაც "ბათუმის დინამო" პირველი ლიგიდან მეორეში  გადავიდა. 

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ კლუბის გასხვისების საკითხი ამ ხნის განმავლობაში აქტუალური იყო და დაინტერესებულ მხარეებს ამ დრომდე  ესაუბრებიან. ამბობენ, რომ გუნდის გასხვისება საუკეთესო პირობებით სურთ. 

„ჩვენი კომპანიის შეთავაზებას განიხილავენ და „დინამოს“ განკერძოებაზე გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ. ქართულ ფეხბურთში დიდი პროცესები დაიწყო და ბათუმი უკვე ფეხბურთით ცხოვრობს, ჩვენ კი გუნდის გაძლიერება გვსურს" - განაცხადა პირველ არხთან აჩიკო ბერიძემ. 

ბოლო პერიოდში, "ბათუმის დინამოს" ფანკლუბის წევრები და გულშემატკივრები არაერთხელ გახდნენ ქართული ფეხბურთის მოყვარულების განხილვისა დ აღტაცების მიზეზი. საშინაო მატჩებზე, ანგისის ბაზა, რომელიც 3000 მაყურებელზეა გათვლილი, გადავსებულია.  ბათუმელი გულშემატკივრები, ფანკლუბთან ერთად, ნებისმიერ ამინდში გულშემატკივრობენ ფეხბურთელებს.

  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში