''ბათუმის აეროპორტში'', ''წითელ ხიდზე'', ''ყაზბეგში'', ''ლაგოდეხში'', ''ნინო წმინდასა'' და ''სადახლოზე'' 26,740 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. მაკონტროლებლებმა კანონდარღვევის ფაქტები 30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით დააფიქსირეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას, არადეკლარირებული სიგარეტი, ელექტრო სიგარეტის აპარატი (IQOS – 11 ცალი) და ალკოჰოლური სასმელი (5 ლიტრი) იპოვეს.
მებაჟე ოფიცრებმა, ასევე 626 ცალი საბერძნეთისა და ლიტვის პირადობისა და მართვის მოწმობაზე ლამინირებისათვის დასაკრავი პოლიეთილენის ფირიც აღმოაჩინეს.
2 მაისს, ბათუმის აეროპორტში, რუსეთის მოქალაქეს 7,580 ღერი სიგარეტი და ასევე ელექტრო სიგარეტის აპარატები შემოჰქონდა, რომლის საბაჟო ღირებულებამ 4,980 ლარი შეადგინა.
უწყების ცნობით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება. დაეკისრათ ჯარიმაც, თითოეულ მათგანს 1000-1000 ლარის გადახდა მოუწევთ.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.