ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი 5 მაისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის დაბარების ფაქტს გამოეხმაურა, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ნათესავი მოწმის სტატუსით არიან დაბარებული. საქმე ეხება გასული წლის 31 მაისს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაწყებულ გამოძიებას.
როგორც განცხადებაში წერია გაუგებარია შაბათს, დილით, დაკითხვამდე რამდენიმე საათით ადრე, რატომ მოსთხოვეს სუს-ის თანამშრომლებმა მაჩალიკაშვილს დაკითხვაზე მისვლა და რატომ არ დაიბარეს ის გონივრულ ვადაში, მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატებთან სათანადო კომუნიკაციის გზით. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით მათი მოთხოვნით, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ნათესავის მოწმედ დაკითხვა გადაიდო 7 მაისს, 11 საათისთვის.