ბათუმში, ოპიზრების ქუჩის 41-ისა და 59-ის მცხოვრებლები ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. მათი თქმით, ტერიტორიაზე, რომელიც ქალაქს ცოტა ხნის წინ შეუერთდა, საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს. მათ საკანალიზაციო სისტემა საცხოვრებელთან ახლოს მოწყობილ ე.წ შამბოზე აქვთ მიერთებული. ოპიზრების ქუჩის მცხოვრებლების განცხადებით, ტერიტორია ხშირად იტბორება და წყალი საკანალიზაციო სისტემიდან საცხოვრებლებში შედის, ანტისანიტარიისა და სპეციფიკური სუნის გამო კი მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. მათ მერიას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ. „კომპანიის „ბათუმის წყალი“ ბრიგადები შამბოდან მასას პერიოდულად ტუმბავენ, თუმცა, არასრულფასოვნად“, - აცხადებს მოსახლეობა. მერიაში ადასტურებენ, რომ პრობლემის შესახებ იციან, თუმცა აცხადებენ, რომ ოპიზრების ქუჩის 41-სა და 59-ში მდებარე საცხოვრებელ სახლებს საკანალიზაციო სისტემაზე ჯერ ვერ მიაერთებენ.