დაუყოვნებლივ გაიყვანეთ სპეცრაზმი პანკისის ხეობიდან — არასამთავრობოები შსს-ს

21 აპრილი 2019, 14:15 2375 ნახვა

მესამე სექტორის წარმომადგენლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაიყვანოს სპეციალური დანიშნულების რაზმი პანკისის ხეობიდან. ასევე, დაუყოვნებლივ გადადგეს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, რომელსაც, მათი მტკიცებით, კონფლიქტი აქვს ბიზნეს ინტერესებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის და მისი დანიშვნიდან პირველივე დღეებში კრიზისი შექმნა პანკისის ხეობაში. 

პანკისში, დღეს, 21 აპრილს, ასობით დემონსტრანტი გამოვიდა „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ, რასაც სპეციალური დანიშნულების რაზმსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალოვანებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „მწვანე ალტერნატივა“ წერილს ავრცელებენ, სადაც სთხოვენ შს  სამინისტრის დაუყოვნებლივ  შეწყვიტოს ძალის გამოყენება. 

ასევე, მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ  პროკურატურამ  უნდა დაიწყოს  გამოძიება და დაადგინოს, მოხდა თუ არა ძალაუფლების სავარაუდო გადამეტება.

„წელზე მეტია პანკისის ხეობის მოსახლეობა აქტიურად აპროტესტებს პანკისის ხეობაში დაგეგმილი „ხადორი 3“ და „სამყურისწყალი 2“ ჰესის მშენებლობას, რის თაობაზეც სასამართლოშიც მიმდინარეობს დავა. ჰესების ნებართვების დოკუმენტების ანალიზი აჩვენებს, რომ ისინი აშკარად დაუსაბუთებელია და სათანადოდ არ არის შესწავლილი ჰესების მშენებლობისგან გარემოზე ზემოქმედების რისკები, მათ შორის, სასმელ წყალზე მისი ზეგავლენა. ხეობაში უკვე აშენებული ჰესების გამოცდილებიდან გამოდინარე, ადგილობრივები უთითებენ პატარა ხეობაში ჰესების კასკადის (მთლიანობაში 4 ჰესის) დამაზიანებელ გავლენას მათ უნიკალურ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე და ხეობის მდგრადი ეკონომიკური განვითარების რესურსზე.

2019 წლის 21 აპრილს სრულიად მოულოდნელად ხადორი 3 ჰესის მშენებლობის განახლების საკითხს ადგილზე მოსახლეობა პროტესტით შეხვდა. პოლიციამ შეკრებილი მოსახლეობის მიმართ, რომელიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა გამოიყენა საპოლიციო ძალა, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და ხელკეტების სახით. ინფორმაცია ვრცელდება პროტესტის მონაწილე მშვიდობიანი პირების დაშავების თაობაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ სპეცრაზმის დახმარებით მშენებლობის პროცესის განახლება მოხდა ისე, რომ ხელისუფლებას სათანადოდ არ ქონდა ამოწურული ადგილობრივ თემთან მოლაპარაკების რესურსი. ბოლო კვირებში პანკისის ხეობაში მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლების ვიზიტის დროს ითქვა, რომ ხელისუფლება დაგეგმავდა ექსპერტების მონაწილეობით ამ საკითხის განხილვას. თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ მისი საჯარო დაპირება არ შეასრულა.

შსს-ს განცხადების თანახმად, ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალის გამოყვანა, ადგილზე უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის მინისტრმა, რომელიც სულ რამდენიმე დღეა დაინიშნა ამ პოზიციაზე, საკუთარი საქმიანობის პრიორიტეტად სწორედ ენერგეტიკის სექტორი გამოაცხადა. ნათია თურნავა 2013-2018 წლებში “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო, ის ასევე იყო უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი და საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი. მისი ბიოგრაფია აჩვენებს, რომ ის ბიზნეს და ენერგო ინტერესების ლობისტია და ნიშანდობლივია, რომ მინისტრის თანამდებობზე დანიშვნიდან პირველივე დღეებში სწორედ მისი გადაწყვეტილებით მოხდა პანკისის ხეობაში საპოლიციო ძალის გამოყენებით ჰესების მშენებლობის დაწყება.

ხაზი უნდა გაესვას, რომ საპოლიციო თუ სხვა სახის რეპრესიული ძალაუფლების გამოყენება ჰესების თუ სხვა გარემოსდაცვით საკითხებზე ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის ჩასახშობად არაერთხელ იქნა გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან, რაც კიდევ უფრო სისტემურს ხდის პრობლემას და სავარაუდოდ ხელისუფლებაზე ბიზნეს ლობირების მნიშვნელოვან ზეგავლენას წარმოაჩენს“ - წერია განცხადებაში, რომელსაც სამი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

 

ფოტო: პანკისის სათემო რადიო

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი