რას ითვალისწინებს და რას არა ''ქართული ოცნება'' ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან? 

18 აპრილი 2019, 00:00 1343 ნახვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე, უმრავლესობის კანონპროექტს მეორე მოსმენით, დღეს პლენარული სხდომაზე განიხილავენ. მანამდე კი საკითხზე მმართველმა გუნდმა უმრავლესობის ფორმატში პარტია ''ქართული ოცნების“ ოფისში იმსჯელა.

''სამართლებრივი რეკომენდაციების ნაწილზე შევჯერდით, თუმცა პოლიტიკური რეკომენდაციის საკითხი შემდგომი მსჯელობის საგანია'' - ეს არის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განმარტება, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას ეხებოდა. 

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ გუნდი მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის გაუქმების საკითხზე შეჯერდა.

რაც შეეხება კენჭისყრის ფარულობის წესს. ''ქართული ოცნების'' დეპუტატმა თქვა, რომ ამ შემთხვევაში ძველი მოცემულობით იმუშავებენ, რომელიც ვენეციის კომისიის 2013 წლის რეკომენდაცია ეყრდნობა. მოსამართლეთა არჩევის წესტან დაკავშირებით, ორი დღის წინ გამოქვეყნებულ დასკვნაში კი წერია, რომ  კენჭისყრა ღია უნდა იყოს.  

​''ვენეციის კომისიის დასკვნაში იყო საუბარი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ რეკომენდაციაზე, რომელსაც გავითვალიწინებთ. მკაფიოდ დავარეგულირებთ და კიდევ უფრო დეტალურად გავწერთ კანონპროექტში.ეს შესრულდება. მეორე საკითხი ეხებოდა გამოცდის თემას, პირდაპირ არ მიგვითითებდნენ, რომ უნდა გაგვეუქმებინა, თუმცა მსჯელობისკენ მოგვიწოდებდნენ. ჩვენ საკითხს კიდევ ერთხელ დავუბრუნდით,  ვიმსჯელეთ და ჩავთვალეთ, რომ კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებაც შესაძლებელია'' - ამბობს თალაკვაძე. 

''ქართული ოცნების'' ოფისში გამართულ სხდომას, პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, თუმცა მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უზენაესის მოსამართლეთა დანიშვნის წესებთან დაკავშირებით 16 აპრილს გამოქვეყნდა. დოკუმენტი 14-გვერდიანია და 68 პუნქტს მოიცავს.

საპარლამენტო უმრავლესობა ირწმუნება, რომ დასკვნა პოზიტიურია, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისია მოსალოდნელზე მეტად კრიტიკული იყო.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი