50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, იმისთვის რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ინიციატივა „ნაციონალური მოძრაობამ“ დააყენა. ოპოზიცია ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებების მუშაობა არაეფექტურია, ამიტომ საკითხზე პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. დღეს გადაწყდა, რომ კომისიის შექმნის საკითხი მიმდინარე კვირას განიხილება. მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე საუბრობს სახალხო დამცველიც.
მმართველი გუნდიდან ოთარ დანელია აცხადებს, რომ კომისიის შექმნა თუ აუცილებელი იქნება, მას მხარს დაუჭერს. დღეს, პარლამენტში მალხაზ მაჩალიკაშვილი იმყოფებოდა, რომელსაც დეპუტატებთან შეხვედრა უნდოდა, თუმცა შეუძლოდ გახდა და საკანონმდებლო ორგანოს შენობა მალევე დატოვა. მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებები არაფერს აკეთებენ საქმის გამოსაძიებლად, ამიტომ აუცილებელია პარლამენტში შეიქმნას კომისია.