''ძალიან ბუნებრივია, რომ ნაციონალურ მოძრაობას და ქართული ოცნებას აწუხებთ ობიექტური მაუწყებლობა'' - ნათია კუპრაშვილი

12 აპრილი 2019, 00:00 1562 ნახვა

მედიაექსპერტი ნათია კუპრაშვილი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის დაწყებას, უფლებამოსილების დასრულებამდე 6 თვით ადრე პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. ამბობს, რომ 15 გვერდიან დოკუმენტში ზოგადი და "სუსტი" არგუმენტებია, რომლითაც დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვენ. 

"ვინმეს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ძალიან აზრს მოკლებული და თანაც ჭკუასთან მწყრალად მყოფი ადამიანების ნაბიჯია, როცა დირექტორს დარჩა რამდენიმე თვე პოზიციაზე ყოფნის და მაშინ იწყება იმპიჩმენტის პროცედურა. რეალურად ყველაფერი ლოგიკურია და გასაგები. სწორედ მკვეთრად პოლარიზებულ მედია გარემოში, რომელიც არაერთ ანგარიშში არის მოყვანილი, პოლარული მხარეები არიან "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება", ძალიან ბუნებრივია, რომ მათ აწუხებთ ობიექტური მაუწყებლობა.

მათ, ორივეს ბუნებრივად აწუხებს და მათთვის შეუთვისებელია, რომ არსებობდეს მედია, რომელიც ობიექტურად აშუქებს, როგორც ერთის, ისე მეორეს საქმიანობას. მათი ეს ერთობლივი სურვილი არის აბსოლუტურად გასაგები და ჯდება იმ კონტექსტში, რომელიც ჩვენ გვაქვს მედია სისტემაში დღეს.  შესაბამისად, პოლიტიკური სარჩული რა თქმა უნდა აქვს ამ ნაბიჯს, ეს უდევს სწორედ საფუძვლად, თორე ვინც გადაიკითხავს იმ წერილს ან იმ ზოგად ინფორმაციას, რომელიც გვაქვს ამ იმპიჩმენტთან დაკავშირებით, ძალიან უსაფუძვლოა. როგორც ამ ქვეყნის გულშემატკივრები ვურჩევდით იგივე წევრებს, რომ გამოიხმოთ უკან ეს გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უნდა დავიწყოთ მათი გამოხმობის მოთხოვნა, იმ ორი ადამიანის, ვინც ასეთი სულელური ნაბიჯი, ქვეყნისთვის დამაზიანებელი ნაბიჯი გადადგა. ჩვენ გვაქვს იმედი, საბჭოში მყოფი სხვა წევრების, რომ ისინი მაინც მოუხმობენ გონიერებას და შესაბამისი იქნება ჩვენი ნაბიჯებიც" - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა იმპიჩმენტის საკითხზე კომენტირებისას. 

ხატია ჯინჯიხაძე ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" -  საბჭოს იმ წევრებმა, რომლებმაც ესეთი განაცხადი შეიტანეს, იმპიჩმენტს კი არ უნდა ითხოვდნენ აჭარის მაუწყებლის დირექტორის, არამედ მადლობას უნდა ეუბნებოდნენ მას.

მადლობას უნდა ეუბნებოდნენ იმისათვის, რომ აჭარის ტელევიზია დღეს არის თავისუფალი მედია და ეს დღეს კოლექტივმა კარგად იცის. მადლობას უნდა ეუბნებოდნენ იმისთვისაც, რომ აჭარის მაუწყებელი ნელ-ნელა ხდება ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი და ეს ასახულია ძალიან ბევრ შიდა თუ საერთაშორისო შეფასებებში.  ძალიან საინტერესოა როგორ წარიმართება პროცესი და რა არის ის მიზეზები, რასაც ეს წევრები ასახლებენ. ძალიან დიდი ინტერესია სამოქალაქო საზოგადოებისგან ამ პროცესების მიმართ. დიდი იმედი მაქვს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას ექნება საშუალება, რომ ჩავიდეს ბათუმში სხდომას დაესწრონ და გაიგოს როგორც მიზეზები უშუალოდ მათგან, ასევე ძალიან საინტერესოა სხვა წევრების აზრი.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი