ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე დაკავებული იმედა აბაშიძე დარბაზიდან გაათავისუფლეს

08 აპრილი 2019, 00:00 5687 ნახვა

ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობისთვის დაკავებული, იმედა აბაშიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მას 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ბრალდებული სასჯელს გამოჯანმრთელების შემდეგ მოიხდის.

აბაშიძემ, წელიწადში ერთხელ, სასამართლოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა უნდა წარუდგინოს. 

ადვოკატი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, რადგან საქმეში საჭირო მტკიცებულებები არ იყო. 

''გადმოკვალიფიცირდა 223-ე მესამე ნაწილი, ეს არის ქურდული სამყაროს წევრობის მხარდაჭერა, რაც შეეხება სასჯელის გადავადებას, გადავადება ხდება გამოჯანმრთელებამდე.  მას აქვს ვალდებულება წელიწადში ერთხელ სამედიცინო დასკვნა წარადგინოს, გამოჯანმრთელდა თუ ისევ მძიმეა მდგომარეობა'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს ადვოკატმა მზია დიასამიძემ. 

იმედა აბაშიძის ოჯახის წევრები სასამართლოსთან აქციებს მართავდნენ. ამბობდნენ, რომ დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მისი საპატიმროში დატოვება არ შეიძლებოდა. 

დღეს სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ოთხივე ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ბრალდება მათ ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობას ედავებოდა, მოსამართლემ კი დაკავებულებს, ქურდული სამყაროს მხარდაჭერისთვის სხვადასხვა საპატიმრო ვადა შეუფარდა.  

კერძოდ: მარად წითელაძეს 2 წელი 6 თვე, ჯამბულ ნაკაშიძეს 2 წელი, ბეჟან დეკანაძეს კი 1 წელი 6 თვე.

ქურდული სამყაროს წევრობისა და ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა 11 პირი, 17 ივლისს ბათუმში დააკავეს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი