ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ბიზნესმენ ლევან კანთელაძის ბრალდებებს, ბიზნესზე ზეწოლის შესახებ, ვრცლად პასუხობს.
ლაშა კომახიძე აცხადებს, რომ ბრალდებები გაუგებარია, რადგან ბიზნესმენების საკითხის გადასაჭრელად აჭარის მთავრობას თავად მიმართა და აქტიურად მიმდინარეობდა ამ მიმართულებით მუშაობა.
„ბრალდებების პარალელურად მერიაში მიმდინარეობდა კომპანიის მიერ შემოტანილი დემონტაჟის საქმის წარმოება, სადაც მთელი რიგი, ძალიან მნიშვნელოვანი კრიტიკული საკითხები გამოიკვეთა, რომელიც მოითხოვს დაზუსტებას. დასაზუსტებლად არქიტექტურის სამსახურმა მიმართა სამხარაულის ბიუროს, რათა დაექსპერტებულიყო ცალკეული საკითხები, რომლებიც კითხვის ნიშნებს იწვევს. როგორც კი იქნება პასუხები გაცემული სამხარაულის ბიუროდან, მოგაწვდით ინფორმაციას, ასევე გავაცნობ მრჩეველთა საბჭოს, ასევე კომპანიის წარმომადგენლებს“ - განაცხადა ლაშა კომახიძემ.
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ბათუმის მერმა არ დააკონკრეტა, რა საკითხები იყო სადაო და რაზე დასჭირდათ სამხარაულის ექსპერტების დასკვნა.
„გაუგებარია კომპანიის ბრალდებები, თითქოს მოვიშორეთ თავიდან და გადავამისამართეთ მთავრობაში. რეალურად ეს იყო ჩვენი მცდელობა, რომ აჭარის მთავრობასთან ერთად მოგვეგვარებინა მისი საკითხი, ვინაიდან შეზღუდული რესურსის პირობებში მერია ვერ შეძლებდა დამოუკიდებლად ამ საკითხის გადაჭრას. მე მივმართე აჭარის მთავრობას ჩართულიყო ამ პროცესში და ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად შევთავაზე კომპანიას, რომ დაგვეწყო მუშაობა და გვეპოვა ეფექტური გზა პრობლემის მოგვარების. ამას, სამწუხაროდ, მოყვა მედიაისტერია კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან, იმედია მედიაისტერია გადაუვლით და კონსტრუქციულ მუშაობაზე გადმოვლენ“ - ამბობს მერი.
ლაშა კომახიძე ასევე განმარტავს, რატომ ეთქვა უარი „დექსერ დეველოპმენტს“, ბაგრატიონის ქუჩაზე ადგილმონაცვლეობაზე. კომპანიას ბულვართან, ისტორიულ დაცვის ზონაში, 18 სართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენება სურდა. 2016 წელს ბათუმის მერიასთან პროექტიც შეთანხმებული ქონდა, თუმცა ბიზნესმენის მტკიცებით, ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი შენობების დემონტაჟის ნებართვა მერიისგან ამ დრომდე ვერ მიიღო. ლევან კანთელაძე ამბობს, რომ მზად არის მისი პროექტი ქალაქის სხვა ნაწილში განახორციელოს თუ ხელისუფლება ადგილმონაცვლეობას შესთავაზებს, თუმცა მერიამ და აჭარის მთავრობამ ამაზეც უარი უთხრა.
„მერიის განკარგულებაში არსებულ ნაკვეთებზე არის გამიზნული მსხვილი საინვესტიციო წინადადება, აქედან გამომდინარე, ვითვალისწინებთ რა მსხვილი საინვესტიციო წინადადებებს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი კუთხისთვის, შევთავაზეთ პირადად მოდი აჭარის მთავრობასთან ერთად ვისაუბროთ რა ალტერნატიული ვარიანტები შეიძლება განვიხილოთ თქო? რაშიც იგულისხმებოდა სხვა მიწა, რომელიც შეიძლება იყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განკარგულებაში, ან შესაძლოა გვესაუბრა გარკვეული ფულადი ტიპის ანაზღაურებაზე, ისევე როგორც თბილისმა გვაჩვენა ამის მაგალითი. ეს იყო უბრალოდ მსჯელობის საგანი, ეს არ იყო გადაწყვეტილება.
ძალიან ცუდად იყო ეს შეთავაზება აღქმული, რატომღაც ყოველგვარი თანამშრომლობისა და მცდელობის გარეშე. შემდეგ კი ეს ურთიერთობები გადავიდა ბრალდებებში. ვალდებულება მერიას მათთან არ ჰქონდა, არსებობს მხოლოდ შეთანხმებული პროექტი, თუ კი ვსაუბრობთ იქ არა და სხვა ადგილზე, მერია ერთვება და ცდილობს მოაგვაროს ეს საკითხი. რადგანაც ეს საკითხი შედის ყველას ინტერესებში, როგორც სახელმწიფოს, ასევე წესით უნდა შედიოდეს ბიზნესის ინტერესებში, ოღონდ არა შანტაჟის, ბრალდების და ასეთი ისტერიის ენით“ - ამბობს კომახიძე.
ბიზნესმენმა ლევან კანთელაძემ ბიზნესზე ზეწოლაში ხელისუფლება რამდენიმე კვირის წინ დაადანაშულა. განაცხადა, რომ ბათუმის მერია 2016 წელს შეთანხმებული პროექტის განხორციელებაში ხელს უშლის. ბიზნესმენმა თქვა, რომ ზეწოლას უშუალოდ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერს ლაშა კომახიძე ახორციელებენ.
ფაქტს იკვლევს ბიზნესომბუდსმენიც, რომელიც დასკვნას სავარაუდოდ ორ კვირაში დადებს.