სახალხო დამცველი 2018 წლის ანგარიშში წერს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვანთა მკვლელობის ფაქტზე გამოძიებამ ყველა დამნაშავე ვერ გამოავლინა, გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით არაეფექტიანი იყო, ასევე გამოვლინდა მრავალი ხარვეზი.
''ჩაუტარებელი ან დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და კომისიის სხდომაზე
დაკითხვისას გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ საგამოძიებო ტაქტიკაზე გაცემული
პასუხების ერთობლივი ანალიზით სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ გამოძიების
ტაქტიკა შესაძლოა არ ემსახურებოდა დამნაშავეთა გამოვლენის საჯარო ინტერესს'' - წერს ნინო ლომჯარია ანგარიშში.
ომბუდსმენის აპარატისთვის გაუგებარი იყო, რა კონკრეტული სტრატეგია და ლეგიტიმური მიზანი განაპირობებდა გამოძიების პასიურობას სხვადასხვა მიმართულებით. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სახეზე იყო სამოხელეო დანაშაული: სამსახურებრივი გულგრილობა, ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
სახალხო დამცველის აპარატმა პარლამენტსა და პროკურატურას რეკომენდაციებიც წარუდგინა და მიუთითა, რომ გამოძიება უნდა დაწყებულიყო სამოხელეო დანაშაულზე.
''მას შემდეგ რაც დასრულდა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა, რომლის შედეგადაც პარლამენტმა კენჭი უყარა დადგენილებას და შესაბამისი რეკომენდაციები წარედგინა პროკურატურას, სახალხო დამცველმა კვლავ მოითხოვა მიმდინარე გამოძიების მასალების გაცნობა, რათა შეეფასებინა, გარდაცვლილი დ. ს.-ის მკვლელობის მონაწილე ყველა პირის მიმართ დამატებით რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მანამდე გამოხატული მიდგომისგან განსხვავებით, უარი განაცხადა საქმის
მასალების გაცნობაზე შესაბამის საკანონმდებლო ნორმაზე მითითებით. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის წინადადებები და რეკომენდაციები პროკურატურას არცერთ ეტაპზე არ გაუთვალისწინებია და გამოძიებაში დაშვებული არსებითი შეცდომების მიმართ მხოლოდ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო, რამდენადაც აღნიშნული ხარვეზები, მიუხედავად მათი შედეგებისა, არ მიიჩნია დანაშაულად. შემოწმება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მასზე წარმოება არ დასრულებულა'' - წერია დოკუმენტში.
ომბუდსმენი განმარტავს, რომ გამოძიების პროცესში, რომელსაც ადამიანის გარდაცვალება – მკვლელობა, ან სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა პროკურატურამ არაერთგვაროვანი მიდგომა გამოავლინა.