ფოსტის ამანათით საქართველოში უკანონოდ იარაღი შემოჰქონდათ

29 მარტი 2019, 00:00 1606 ნახვა

იარაღის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის სქემა გამოავლინდა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  უწყების ინფორმაციით, ამერიკელ კოლეგებთან ერთად მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში იარაღის ნაწილები საფოსტო ამანათით იგზავნებოდა. 

15 მარტს სქემის ერთ-ერთი მონაწილე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ი.ი. დააკავეს, რომელსაც საბაჟო კონტროლისგან ფარულად სურდა ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილების თურქეთში გატანა.  

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულს თანამზრახველები ამერიკაში ჰყავდა, რომლებმაც ,,საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით, ნაცნობის სახელზე გამოაგზავნეს ამანათი, რომელშიც, დეკლარირებული საქონლის ნაცვლად, დამალული იყო ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელი ნაწილები.

სამართალდამცველებმა 43 წლის თურქეთის მოქალაქე თბილისში, ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს.

პოლიციამ მანქანიდან ნივთმტკიცებად ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელი ნაწილების 16 კომპლექტი ამოიღო.  შვიდი კომპლექტი  „გლოკი 19“-ის, ცხრა კი - „გლოკი 17 გან-4“-ის მოდელის პისტოლეტების ნაწილები იყო.

ასევე, სოხუმის ქუჩაზე დაკავებული დროებითი საცხოვრებლიდან, ამოღებულია „გლოკის“ 4 ბუდე, იარაღის ლულის საწმენდი 40 ჯაგრისი, ცეცხლსასროლი იარაღის 8 ტარი და 9 მჭიდი. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულში ბრალდებულებს, იარაღის ნაწილების თურქეთში უკანონოდ გადატანა, საბაჟოს გავლით სურდათ.

მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

დანაშაული 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი