ბათუმის პორტში ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს თბილისში, კანცელარიასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ზღვისპირა ქალაქში გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის გარეშე ტერმინალი არ უნდა აშენდეს.
საინიციატივო ჯგუფის წევრები, საქართველოს პრემიერ მინისტრს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
''გვინდა აქციებს საინფორმაციო ხასიათი მივცეთ. გვსურს ყველას გავაგებინოთ, რომ პრობლემა გვაქვს აჭარაში და ყურადღება მოგვაქციონ. გაწიეთ ტერმინალი, ზღვა დაგვანახეთ და გვასუნთქეთ - ამ დევიზით ვართ შეკრებილები. მოვუწოდებთ საკითხით პირადად პრემიერი დაინტერესდეს და გადახედოს. დადონ გარემოზე ზემოქმედების ანგარიში. რა ხდება? რას გვიშენებენ? რა დონეზე მოგვწამლავენ? მარტო სკრინინგია მომზადებულია. აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა პირდაპირ ეთერში ჭამა კიდეც. სასაცილოა, აბსურდია - თქვა აქციაზე ვატო ნებურიშვილმა.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ბათუმს სოლიდარობა სჭირდება. ''როგორ მოიფიქრეთ ქალაქის ცენტრში ბომბი დაგედოთ, ეს მიუღებელია'' - განაცხადა ალექსანდრე თევზაძემ, რომელიც ქალაქში ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს.
კანცელარიასთან შეკრებილებს სამედიცინო პირბადეებიც ეკეთათ.
კარბამიდის ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელშეკრულება მხარეებმა 14 იანვარს, ბათუმში გააფორმეს. ტერმინალის მშენებლობას საზოგადოების ნაწილი აქციებით აპროტესტებდა. ამბობენ, რომ ქალაქს ქიმიური ტერმინალის მშენებლობა ეკოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის.