"თავიდან ბოლომდე ვაცხადებ, რომ აბსოლუტურად ლეგიტიმურია სოციალური მუშაკების გაფიცვა. ეს მათი უფლებაა და არცერთ შემთხვევაში თავისთვის უფლება არ მიმიცია, მსგავსი სახის ზეწოლა ყოფილიყო," - აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ზეწოლის ფაქტებს კატეგორიულად უარყოფს სოციალური სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსი თემურ ქარცივაძე.
ის აცხადებს, რომ მას არავისთვის აუკრძალავს გაფიცვა, თუმცა ითხოვა ოფიციალური დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ თანამშრომლები არ იქნებოდნენ სამსახურში.
"ვერ დაადასტურებს ვერც ერთი სოციალური მუშაკი, რომ ჩემი მხრიდან ზეწოლას ან მუქარას ჰქონდა ადგილი, ეს არის თითიდან გამოწოვილი სიცრუე... მეორეც, ოფიციალურად არავითარი დოკუმენტი არ შემოსულა გაფიცვის შესახებ ჩემთან, მაგრამ სასურველი იყო, რომ ოფიციალურად დაედასტურებინათ იმის თაობაზე, რომ მოცემულ დღეს არ იქნებოდნენ, ამის ვალდებულება ნებისმიერ საჯარო სამსახურს თანამშრომელს აქვს - თუ იფიცება ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ხელმძღვანელობას" - ამბობს სამსახურის უფროსი.
სოციალური სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსი ასევე პეტიციაში მოთხოვნილ საკითხებზე აკეთებს განმარტებას, ამბობს რომ საკითხები რომლებსაც ითხოვენ სოციალური მუშაკები, სცდება აჭარის ფილიალის უფლებამოსილებებს. კერძოდ კი ხელფასების მატება მთავრობის პრეროგატივაა, ტრანსპორტირების საკითხს კი პარლამენტი არეგულირებს.
" რაც შეეხება სამუშაო პირობებს, სამწუხაროა, როცა ისინი ითხოვენ სამუშაო გარემოს შეცვლას. ამბობენ, რომ არ აქვთ შესაფერისი პირობები, ამაში ვერ დავეთანხმები. აბსოლუტურად მაქსიმალურად გვაქვს მათთვის პირობები შექმნილი, გვაქვს გარემონტებული ოფისები, ყველა მათგანს შეუძლია ბენეფიციართან განმარტოებით იმუშაოს და კეთილმოწყობილია ეს ოთახი" - ამბობს თემურ ქარცივაძე.
დღეს, 25 მარტს, სოციალური მუშაკები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიფიცნენ. გაფიცვის პირველ დღეს, სოციალურმა მუშაკებმა ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრეს. გაფიცულები ამბობენ, რომ ორი დღის წინ, 22 მარტს, სამსახურის უფროსებმა გაფიცვაზე გასვლა აუკრძალეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ.
სოციალური მუშაკები ითხოვენ, რომ უფრო ეფექტურად დაკისრებული სამუშაოს შესასრულებლად გაიმართოს სისტემა, დაემატოთ იმდენი სოციალური მუშაკი, რამდენიც სჭირდება კონკრეტულ რეგიონს - აჭარის მასშტაბით 19 სოციალური მუშაკი მუშაობს.
ითხოვენ, რომ სოციალურ მუშაკებს გამოეყოთ ტრანსპორტი - 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ დროს მყისიერი რეაგირებისთვის. დღეს სოციალური მუშაკებისთვის ტრანსპორტირების ხარჯებია გაწერილი არ არის და არც ავტომანქანა ემსახურებათ მათ. ნებისმიერი სირთულის დროს (როცა დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს), სოცმუშაკი საკუთარი რესურსებით უნდა მივიდეს ბენეფიციარამდე.
სოციალური მუშაკები ითხოვენ, აჭარაში გაჩნდეს კრიზისული ცენტრები, ბავშვთა დღის ცენტრები, სადაც დაზარალებული ბენეფიციარები აუცილებლობის შემთხვევაში დარჩებიან და რეაბილიტაციას გაივლიან.