მენეჯმენტი სამსახურიდან გაშვებით გვემუქრება - გაფიცული სოციალური მუშაკები

25 მარტი 2019, 00:00 1670 ნახვა

"პეტიციას ყველამ მოაწერა ხელი, თუმცა, ზეწოლის გამო, ვერ გამოვიდნენ გაფიცვაზე", - ამბობენ აჭარაში მომუშავე სოციალური მუშაკები. დღეს, 25 მარტს, საქართველოს მასშტაბით, სოციალური მუშაკები გაიფიცნენ. ისინი სისტემის გაძლიერებასა და რესურსების გაზრდას ითხოვენ. 

ქობულეთში მომუშავე სოციალური მუშაკი თამარ ღუნაშვილი  ამბობს, რომ პირადად მასზე სამსახურის უფროსმა ზეწოლა განახორციელა. "კონკრეტულად, ჩემი მისამართით განხორციელდა ზეწოლა. მემუქრებოდნენ, რომ ჩემს შვილებს დატოვებდნენ ულუკმაპუროდ და ვეღარ ვეღირსებოდი დასაქმებას. 

„ზეწოლა   თემურ ქარცივაძისგან და თემურ ჭანტურიშვილისგან მოდიოდა, ისინი დღემდე ჩვენი ხელმძღვანელები არიან. ჭანტურიშვილმა სატელეფონო დავალება მიიღო, რომ  თანამშრომლები  არ გამოვსულიყავით გაფიცვაზე. ზოგ ჩემს კოლეგას მოხსენებითი ბარათები დააწერინეს, რომლებიც 22 რიცხვით თარიღდება. შემდეგ კი იძახეს, რომ არანაირი ზეწოლა არ ყოფილა სოციალურ მუშაკებზეო. რცხვენოდეთ თავიანთი გამონათქვამების," - აცხადებს თამარ ღუნაშვილი . 

გაფიცული სოცმუშაკი ამბობს, რომ ქობულეთში სამი თანამშრომელია, თუმცა, გაფიცვაზე მხოლოდ ერთი წამოვიდა "მეორემ ვერ გადალახა ის მუქარა,  ვუთანაგრძნობ და ვუდგავარ გვერდით ამ ადამიანებს". 

"მე ვუერთდები კოლეგებს, ვდგავართ აქ, რადგან  დაუცველი ბავშვებისა და ადამიანების წინაშე უძლურები ვართ, არანაირი რესურსი არ გაგვაჩნია მათ დასახმარებლად. არავის მივცემთ იმის უფლება, რომ ჩვენი ნების საწინააღმდეგო ნაბიჯები გადაგვადგმევინონ და დავტოვოთ გასაჭირში ბავშვები და ძალადობის მსხვერპლი ადამიანები, რომლებიც ჩვენს იმედად არიან, სახელმწიფოს იმედად", - ამბობს თამარი.  

ზეწოლის შესახებ საუბრობს სოციალური მუშაკი ნინო ცეცხლაძეც, რომელიც სისტემაში 2002 წლიდან მუშაობს . "ჩვენს უკან დგანან ყველაზე მოწყვლადი ადამიანები, დიდი არმია, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, შშმ პირები, ქალები. ვამაყობ ყველა სოციალური მუშაკით, ვინც გამოვიდა დღეს აქ და იბრძვის ამ ადამიანების უფლებებისთვის.  ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სახელმწიფომ უნდა იფიქროს,   თუ უნდათ მოქალაქეების დახმარება, ჩვენს გაძლიერებაზე უნდა იზრუნონ. არ უნდა იყოს მუქარა სოციალურ მუშაკების მიმართ. ვინც პეტიციას მოაწერეს ხელი, ვერ გამოვიდნენ დღეს, მუქარის გამო, მაგრამ ჩვენ მათ ვუდგავართ გვერდით.  

 მუქარის მიუხედავად, რაიონებიდან ადამიანები ჩამოვიდნენ აქციაზე. „აჭარაში სულ 19 სოციალური მუშაკია, უმეტესობას აქვს ხელი მოწერილი პეტიციაზე, მაგრამ პარასკევიდან მათზე დაიწყო მუქარები დამსაქმებლების მხრიდან", - აცხადებს ნინო ცეცხლაძე.

სოციალური მუშაკები ითხოვენ, რომ უფრო ეფექტურად დაკისრებული სამუშაოს შესასრულებლად გაიმართოს სისტემა, დაემატოთ იმდენი სოციალური მუშაკი, რამდენიც სჭირდება კონკრეტულ რეგიონს - აჭარის მასშტაბით 19 სოციალური მუშაკი მუშაობს. 

ითხოვენ, რომ სოციალურ მუშაკებს გამოეყოთ ტრანსპორტი - 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ დროს მყისიერი რეაგირებისთვის. დღეს სოციალური მუშაკებისთვის ტრანსპორტირების ხარჯებია გაწერილი არ არის და არც ავტომანქანა ემსახურებათ მათ. ნებისმიერი სირთულის დროს (როცა დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს), სოცმუშაკი საკუთარი რესურსებით უნდა მივიდეს ბენეფიციარამდე

სოციალური მუშაკები ითხოვენ, აჭარაში გაჩნდეს კრიზისული ცენტრები, ბავშვთა დღის ცენტრები, სადაც დაზარალებული ბენეფიციარები აუცილებლობის შემთხვევაში დარჩებიან და რეაბილიტაციას გაივლიან. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი