პოლიციამ 29 ნარკორეალიზატორი დააკავა  

15 მარტი 2019, 00:00 1927 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ნარკორეალიზატორების ორგანიზებული ჯგუფის 29 წევრი. სამართალდამცველებმა საქართველოში ნარკოტიკების შემოტანისა და გასაღების დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს და მსხვილი ნარკორეალიზატორები აიყვანეს.

ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

''გამოძიებით დადგინდა, რომ ფონიჭალაში დაკავებული ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, საქართველოში ნარკოტიკული საშუალების გავრცელების სათავეში იდგნენ. ისინი განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებს სხვა ნარკორეალიზატორებზე ასაღებდნენ და მათ მიერ ნარკოტიკების გავრცელების შედეგად მიღებული თანხის გარკვეულ ნაწილსაც იღებდნენ.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან რამდენჯერმე განახორციელეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის „ჰეროინის“ და „კოკაინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა.

პოლიციამ ასევე ბრალდებულების პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ათეულობით შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო'' - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 9 პირი კი - დედაქალაქის სხვა უბნებში, ასევე რუსთავში, მარნეულში, გარდაბანში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე.

დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი