დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტრომ ოფიციალური წერილი მოგვაწოდა. მასში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა სფეროს მედიკოსთა კონსილიუმი რამდენჯერმე ჩატარდა. ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში მსჯავრდებულს დაესვა დიაგნოზი დისოციაციური მოტორული აშლილობა.
კონსილიუმის დასკვნაში მითითებულია, რომ პაციენტი უჩივის მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურების მოძრაობის უნარის და სენსორული შეგრძნებების დაკარგვას, რისი ორგანული საფუძველიც გამოკვლევებით არ დადგინდა.
კონსილიუმის დასკვნის თანახმად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ გიორგი მამალაძე 2 წელია იმყოფება ფსიქოლოგიური სტრესისა და იზოლაციის მდგომარეობაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ექიმთა კონსილიუმის დასკვნის შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სტაციონარში გადაყვანის შესახებ, როგორსაც წარმოადგენს პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულება.
ამ ეტაპზე პენიტენციური დაწესებულება მის ხელთ არსებული რესურსით სრულად უზრუნველყოფს მსჯავრდებულს იმ სამედიცინო მომსახურებით, რაც ექიმთა კონსილიუმის მიერ არის რეკომენდებული.